ახალი ამბები

პროფესიული თეატრების შესახებ კანონი ძალაში შევიდა

25 აპრილი, 2013 •
პროფესიული თეატრების შესახებ კანონი ძალაში შევიდა

პროფესიული თეატრების შესახებ კანონი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი პროფესიული თეატრების საქმიანობის წესს, მათ დაფუძნებასთან, ფუნქციონირებასთან, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ წესებს განსაზღვრავს.

კანონის მიხედვით, თეატრის შემოქმედებით მიმართულებასა და ფუნქციონირებაზე პასუხს სამხატვრო ხელმძღვანელი აგებს. ის არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი, პასუხისმგებელია თეატრის საერთო საქმიანობაზე, მის მოვალეობაში შედის საშტატო ერთეულებისა და სახელფასო განაკვეთების განსაზღვრა, ის ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარ რეჟისორს, მთავარ დირიჟორს, მთავარ ბალეტმაისტერს, მთავარ ქორმაისტერს, მთავარ მხატვარს, ასევე მასთან შეთანხმებით ხორციელდება თეატრის დირექტორის მიერ თეატრის ადმინისტრაციულ-ტექნიკური, ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა.



სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს პროფესიით რეჟისორი ან არანაკლებ 3 წლის თეატრალური სახელოვნებო გამოცდილების მქონე პირი. მას თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი 4 წლის ვადით, სარეკომენდაციო ან სამხატვრო საბჭოს წარდგინებით, ხოლო თეატრის დირექტორს ნიშნავს ასევე მინისტრი, სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით.


აქამდე არსებული კანონით სახელმწიფო თეატრების შესახებ თეატრის საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირი იყო თეატრის მმართველი, ის წარმართავდა თეატრის ადმინისტრაციულ, ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობასაც.


თეატრის მმართველის ინსტიტუტს აკრიტიკებდა რეჟისორი რობერტ სტურუა:


“მმართველი უცნაური ფიგურაა თეატრში. ცენზორს ჰგავს. ყოფილმა მთავრობამ  ამიტომ დააწესა კაცი, რომელიც მიხედავდა სამხატვრო ხელმძღვანელს, რომ ძალიან არ გაეფრინა”, – აცხადებდა რობერტ სტურუა, ის სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების გაზრდას ემხრობოდა.


კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცინერებისა და კულტურის კომიტეტია. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით ნორმატიული აქტის პროექტის განხილვა 2013 წლის 19 თებერვალს დაიწყო, ხოლო კანონი ძალაში 2013 წლის 5 აპრილს შევიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი