“გამომცემლობებთან ურთიერთობა მომავალში გაგრძელდება იმ შეკვეთის ფარგლებში, როდესაც ჩვენ შევქმნით ახალ წიგნებს. აუცილებლად მათ შევუკვეთავთ ამ წიგნების დაკაბადონებას. მომავალში მათ ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ და მიიღონ შესაბამისი ანაზღაურება ამ მიმართულებით”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 25 აპრილს, 17:00 საათზე სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში” ქართველი სახელმძღვანელობის გამომცემლები დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან. გამომცემლების ცნობით, საუბარი შეეხება საგამომცემლო სექტორში შექმნილ ვითარებას, რომელიც უკავშირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებას სახელმძღვანელოების უფასო დისტრიბუციის თაობაზე.
“ეს გადაწყვეტილება არღვევს გამომცემელთა ინტელექტუალური საკუთრების უფლებას და საფრთხეს უქმნის ზოგადად საგამომცმელო საქმიანობის სამომავლო განვითარებას. შესაბამისად, გამომცემლები მოუწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ქართველი გამომცემლები თავიანთ მოსაზრებებს დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გაუზიარებენ, ხოლო მათგან რეკომენდაციებს მიიღებენ”, – ნათქვამია გამომცემლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.