ახალი ამბები

“ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს” მე-9 არხისთვის გრანტი არ მიუცია

25 აპრილი, 2013 • 1183
“ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს” მე-9 არხისთვის გრანტი არ მიუცია

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეცხრე არხმა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისგან გრანტი მიიღო, ნეტგაზეთმა 25 აპრილს გაავრცელა, თუმცა შეცდომა უკვე გასწორებულია. 


“როდესაც ინფორმაციას ავრცელებთ და ორგანიზაციაზე აკეთებთ ინფორმაციას, რამდენადაც ვიცი, პროფესიული სტანდარტები ჟურნალისტური ეთიკის მოითხოვს, რომ როგორც მინიმუმ უნდა მოხდეს ამ ორგანიზაციასთან გადამოწმება, ეს არის სწორი სვლა. თქვენი ნიუსის დასაწყისში წერია, რომ “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი” აძლევს გრანტს “მე-9 არხს”, სრულიად არასწორია. ეს არის კონტრაქტი. ამ ტელეკომპანიამ ტენდერში მიიღო მონაწილეობა და არა საგრანტო კონკურსში. სრულიად განსხვავებულია თავისი ხასიათით გრანტი და სატენდერო კონკურსი. გრანტი ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს, ან როდესაც არის რაღაც პროექტი, რომლითაც უშუალოდ პარტნიორად იყენებ ორგანიზაციას რომელიღაცა ჩვენ მიერ დასახული სოციალური მიზნის განსახორციელებლად.


ამ შემთხვევაში არის სერვის კონტრაქტი და სერვის კონტრაქტი არის, რომ მოგვემსახუროს ისევ და ისევ იმ მიზნების განხორციელებისთვის, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით,” – უთხრა “ნეტგაზეთს” ქეთევან ვაშაკიძემ.


მისივე განმარტებით, ტენდერში მონაწილეობა მათ ხუთ ტელევიზიას – “საზოგადოებრივ მაუწყებელს”, “რუსთავი 2”-ს, “იმედს”, “მაესტროსა” და “მეცხრე არხს” შეთავაზეს, თუმცა ტენდერში მხოლოდ პრემიერის მეუღლის ტელევიზიამ მიიღო მონაწილეობა.


“ეს ხუთი ტელევიზია ჩვენ მიერ იყო არჩეული მრავალი გამოკვლევების საფუძველზე, მათ შორის იმ გამოკვლევებისა, რომელსაც ჩვენ ვენდობით და ჩვენ თვითონ ვატარებთ, რომ ესენი გახლავთ ყველაზე მეტად ყურებადი ტელევიზიები. ორი ტელევიზია დაგვიკავშირდა, რომელთანაც გვაქვს კონტრაქტი: “მაესტროსთან” გვაქვს იგივე ტიპის კონტრაქტი, ოღონდ იქ არის მართლმსაჯულების საკითხების გაშუქება და იგივე ტიპის კონტრაქტი გვქონდა “რუსთავი 2”-თან და მიდიოდა გადაცემა “შუადღეში” ევროინტეგრაციის საკითხებზე საუბრები. ერთმა გამოთქვა, რომ ეს თანხა მათთვის არ არის საკმარისი, რომ უზრუნველყონ ხარისხიანი გადაცემა, მეორემ თქვა, რომ რესტრუქტურიზაციის პროცესშია და ამიტომ ამ ეტაპზე თავი შეიკავეს, რომ მონაწილეობა მიეღოთ”, – განმარტავს ქეთევან ვაშაკიძე.


მისივე თქმით, “ნეტგაზეთის” მიერ გამოქვეყნებული მასალის პათოსია, რომ მილიარდერის ტელევიზიას ჩუქნის თანხებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი: “ეს არასწორია. ტენდერში მხოლოდ ამ ერთმა ტელევიზიამ მიიღო მონაწილეობა. მოგვეწონა ის ხარისხი და ის გადაცემები, რომელიც შემოგვთავაზეს და შევარჩიეთ ფასის და ხარისხის მიხედვით,” – აცხადებს ქეთევან ვაშაკიძე.


ტელეკომპანია “მე-9 არხის” განვითარების მენეჯერის მიერ მომზადებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ იმ დაფინანსებით, რომელიც ტელევიზიამ “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგად მოიპოვა, “მეცხრე არხის” თოქ-შოუები “მთავარი კითხვა” და “დიდი დრო” სხვა საკითხებთან ერთად 2013 წლის ბოლომდე საზოგადოების ევროინტეგრაციასთან მიმართებაში ინფორმირებულობის გაზრდას შეუწყობს ხელს.”


ქეთევან ვაშაკიძე განმარტავს, რომ 10 ტელედისკუსიის მომზადებისთვის ტელეკომპანია “მე-9 არხი” 16 500 ლარს მიიღებს “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისგან”. 



შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “მე-9 არხის” მაუწყებლობა წინასაარჩევნოდ აღადგინა. მან არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ არჩვნებში გამარჯვების შემდეგ მის ოჯახს აღარ ექნებოდა აღნიშნულ არხთან რაიმე კავშირი და ის ტელევიზიას გაასხვისებდა. ეს მან არჩევნების შემდეგაც არაერთხელ გაიმეორა, თუმცა მისი მეუღლე კვლავ რჩება ტელეკომპანია “მე-9 არხის” მფლობელი კომპანია “აქცეპტის” 80%-იანი წილის მეპატრონედ.

 

“ფორბსის” ბოლო, 2013 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 5,3 მილიარდი დოლარით 229–ე ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი