ინკასაციის თანამშრომლების ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცახდებით, გაფიცვაში მონაწილეობს “საქართველოს ბანკის” თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ინკასაციის სამსახურის ყველა თანამშრომელი:
“ინკასაციის სამსახურის თანამშრომლები დღეს, 11 საათიდან შეიკრიბებიან “საქართველოს ბანკის” ცენტრალური ოფისთან (გაგარინის ქ. #29) და გააგრძელებენ ბრძოლას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე” – აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.
მისი თქმით, გაფიცვის დასრულების ვადა არ სახელდება. ინკასატორების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში იქნება მიღებული, თუ “საქართველოს ბანკის” ადმინისტრაციასთან შეთანხმება მოხდება.
2013 წლის 23 აპრილს, 12-დან 14 საათამდე, “საქართველოს ბანკის” ინკასაციის სამსახურის თანამშრომლებმა გამართეს გამაფრთხილებელ გაფიცვა. რიგორც საძაგლიშვილი აცხადებს, გამაფრთხილებელ გაფიცვას “საქართველოს ბანკის” მხრიდან ადეკვატური რეაქცია არ მოჰყოლია, რის გამოც 2013 წლის 25 აპრილიდან ინკასაციის სამსახურის თანამშრომლები ხელახლა გაიფიცნენ:
“ინკასატორები აპროტესტებენ “საქართველოს ბანკის” მიერ დაგეგმილ რეორგანიზაციას, რომლის შედეგადაც ინკასაციის სამსახურების თანამშრომლებს შეეცვლებათ სამუშაო პოზიცია, რაც გამოიწვევს მათი სამუშაოს მოცულობის გაზრდას და ანაზღაურების მნიშვნელოვან შემცირებას. იმ შემთხვევაში, თუ ინკასატორები არ დათანხმდებიან გაუარესებულ სამუშაო პირობებს, მოხდება მათი გათავისუფლება სამსახურიდან. ინკასაციის სამსახურის თანამშრომლები ითხოვენ, არ გაუარესდეს მათი შრომითი პირობები. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდემდე გასტანს მათი გაფიცვა.”
“საქართველოს ბანკმა” ინკასაციის სამსახურთან დაკავშირებით განცხადება 23 აპრილს გაავრცელა. ბანკი ინკასაციის სამსახურის დაცვის პოლიციისთვის გადაცემას უსაფრთხოების მეტ გარანტიას უკავშირებს:
“საქართველოს ბანკი” გადადის საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ და არაერთი ქართული ბანკის მიერ უკვე დანერგილ მეთოდზე, როდესაც ბანკის ინკასაციის მომსახურებას მთლიანად სპეციალიზებული სამსახური – კონკრეტულ შემთხვევაში, დაცვის პოლიცია ახორციელებს, რომელმაც ეს სერვისი ერთი წლის წინ დააარსა. ერთი წლის განმავლობაში ჩვენ შევისწავლეთ ახალი მომსახურების ეფექტურობა და დავწმუნდით, რომ ის მკვეთრად აუმჯობესებს ბანკის უსაფრთხოებას. ბანკის ამ გადაწყვეტილების შესახებ ინკასატორებს წინასწარ ეცნობათ. ამასთან, ბანკი მათ სრულად უხდის ანაზღაურებას, წლიური ბონუსის ჩათვლით, ხოლო გათავისუფლების შემთხვევაში კანონით დადგენილ კომპენსაციასაც გადაუხდის. დამატებით კი მათ მიიღეს შეთავაზება, გაევლოთ გასაუბრება დაცვის პოლიციაში ამ ორგანიზაციაში შემდგომი დასაქმების მიზნით”.
დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, თუ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხდა, ინკასაციის სამსახურის თანამშრომლებს ხელშეკრულება 21 ივნისს შეუწყდებათ.