ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინის აფხაზეთში ვიზიტის ფარგლებში, შეთანხმებას ჯანდაცვის სფეროშიც გააფორმებენ

8 აგვისტო, 2017 • 2312
პუტინის აფხაზეთში ვიზიტის ფარგლებში, შეთანხმებას ჯანდაცვის სფეროშიც გააფორმებენ

ბიჭვინთაში, დღეს, 2017 წლის 8 აგვისტოს ვლადიმერ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას შეხვედრის ფარგლებში, ორივე მხარის ჯანდაცვის მინისტრი, ჯანდაცვის სფეროში შეთანხმებას გააფორმებს.

მხარეებს შორის შეთანხმება აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ რუსული პასპორტის მქონე პირთა სამედიცინო დაზღვევას და რუსეთის კლინიკებში მათთვის სამედიცინო დახმარებას ითვალიწინებს.

ვლადიმერ პუტინისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას შეხვედრა დღეს, 8 აგვისტოს, აფხაზური მედიის ინფორმაციით, ბიჭვინთაში უნდა გაიმართოს. ამ ეტაპზე უცნობია, სხვა რა საკითხებზე ისაუბრებენ ხაჯიმბა და პუტინი დახურულ კარს მიღმა.

ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში ოფიციალური ვიზიტით, 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შემდეგ პირველად, პრემიერ მინისტრის რანგში, 2009 წლის 12 აგვისტოს ჩავიდა. პუტინის მეორე ვიზიტი აფხაზეთში 2011 წელს შედგა. პრეზიდენტის რანგში კი, პუტინი აფხაზეთში 2013 წელს იმყოფებოდა. ვლადიმერ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას სხვა შეხვედრები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებზე იმართებოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი