ახალი ამბები

როგორ აღმოაჩინა ცესკომ გირჩის ამომრჩეველთა სიებში ყალბი ხელმოწერები

8 აგვისტო, 2017 •
როგორ აღმოაჩინა ცესკომ გირჩის ამომრჩეველთა სიებში ყალბი ხელმოწერები

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის პოლიტილური გაერთიანება “გირჩის” მიერ წარდგენილი 27,990 ხელმოწერიდან მხოლოდ 13 ცნო დასაშვებად.

“გირჩის” განცხადებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ნახევარ დღეში ჩაატარა საკმაოდ მასშტაბური სამუშაო, რადგან მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ცესკომ 7 აგვისტოს გადაამოწმა მათ მიერ  წარდგენილი ამომრჩეველთა სიები. ამას უარყოფენ ცენტრალური საარჩევნო კომისიაში და აცხადებენ, რომ 31 ივლისიდან დღემდე საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა ცესკოს შესაბამის სამსახურს ხელმოწერების გადასამოწმებლად.

საარჩევნო კანონმდებლობა განსაზღვრავს მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერის ბათილად ცნობის საფუძვლებს. ამომრჩევლის სიის ბლანკის ნიმუში არის დადგენილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. მხარდამჭერთა სიის ბლანკში, გარდა კანონით განსაზღვრული რეკვიზიტებისა, ასევე, უნდა იყოს მითითებული ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ასევე, ბლანკის შევსების თარიღი და ეს დადასტურებული უნდა იყოს ამ პირის ხელმოწერით.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ანა მიქელაძე ამბობს, იმ შემთხვევაში, თუკი ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის რეკვიზიტები არ არის კანონთან თანხვედრაში ან აკლია რაიმე ტიპის მონაცემი, ბლანკი მთლიანად არის ბათილად ცნობილი და მითითებული ამომრჩევლის რეკვიზიტების გადამოწმებაც აღარ ხდება. ერთ ბლანკზე მითითებულია 30 მხარდამჭერის რეკვიზიტი.

“გირჩის მიერ წარმოდგენილი 27,990 ხელმოწერა შეამოწმა ცესკოს შესაბამისმა სამსახურმამ. კანონმდებლობის თანახმად, პარტიის მხარდამჭერთა სიის შემოწმება უნდა დასრულდეს მისი წარდგენიდან 10 დღის ვადში. წარმოდგენილი იყო 31 ივლისს. ცესკოს შესაბამისმა სამსახურმა წარმოდგენილი ბლანკები შეამოწმა კანონით განსაზღვრულ ვადებში და ეს სავსებით იყო საკმარისი წარმოდგენილი დოკუმენტიიც შესამოწმებლად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბათლიდ იქნა ყველა ის ხელმოწერა, რომელიც არ იყო დადასტურებული ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ და რომელშიც სრულად არ იყო მითითებული კანონით გათვალისწინებული მონაცემები,” – ამბობს ანა მიქელაძე.

პოლიტიკურ გაერთიანებას კიდევ ერთ პრეტენზია აქვს ხელმოწერების გადამოწმების მეთოდოლოგიაზე. მათი განცხადებით, ცესკოს წერილში არ არის მითითებული, როგორ მოხდა მათ მიერ წარდგენილი ხელმოწერების შემოწმება და რა მიზნით ცნეს ბათილად 27,977 ხელმოწერა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყანაში წლებია პოლიტიკური პარტიები სწორედ ასე მომზადებულ სიებს აბარებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რეგისტრირდებიან და მონაწილეობას იღებენ არჩევნებში.

ცესკოს პრესსპიკერის თქმით, პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” მიერ წარდგენილი ხელმოწერები შემოწმდა, როგორც ამას საარჩევნო კანონმდებლობა ავალდებულებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ანა მიქელაძის თქმით, ასეთივე მეთოდოლოგიით მოწმდება ყველა სხვა პერტიების მიერ წარმოდგენილი ხელმოწერებიც:

“ეს არის კანონით განსაზღვრული მოთხოვნა – 37–ე და 38–ე მუხლები. ამ კანონის მიხედვით, თანაბრობისა და  სამართლიანობის პრიცნიპიდან გამომდინარე,  ანალოგიურად მოწმდება ყველა პარტიის ხელმოწერები.”

როგორც ანა მიქელაძე ამბობს, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, პოლიტიკურ სუბიექტს ეძლევა ორდღიანი ვადა, მის აღმოსაფხვრელად. ცესკომ ზურაბ ჯაფარიძის გუნდს ხელმოწერების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება გუშინ გაუგზავნა. შესაბამისად, “გირჩს” მხოლოდ ერთი დღე აქვს არჩევნებში მონაწილეობისთვის საჭირო 25,000 ნამდვილი ხელმოწერის წარსადგენად.

ცესკოში განმარტავენ, რომ არ ხდება უშუალოდ ამომრჩეველთან გადამოწმება, ნამდვილად უჭერს თუ არა ის რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას მხარს მიუხედავად იმისა, რომ ბლანკში მითითებულია ამ ადამიანების მისამართებიც. შესაბამისად, არავინ იცის, რეალურად თვითონ აწერენ თუ არა ეს ადამიანები ხელს იმ დოკუმენტს, რომელსაც რომელიმე პარტია შემდგომ ცესკოში წარადგენს. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დოკუმენტაციაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ამომრჩევლის პირადი ნომერი და მისამართი.

ნეტგაზეთის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ხელმომწერები მისამართების მიხედვით მაინც გადაამოწმოს შესაბამისმა სამსახურმა და გაიგოს, მართლა არიან თუ არა წარმდგენი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები, ცესკოს პრესსპიკერი პასუხობს:

“ეს არ არის კანონმდებლობით განსაზღვრული. იმ შემთხვევაში, თუ იქნება ეს კანონით განსაზღვრული, რა თქმა უნდა, კანონმდებლობას აღასრულებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. რაც არის ამ ეტაპზე მითითებული კანონმდებლობაში და როგორც არის განსაზღვრული, ამის მიხედვით ხდება თითოეული ხელმომწერის და მხარდამჭერთა სიის ბლანკზე ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის რეკვიზიტების გადამოწმება. იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს პარლამენტი შეიტანს შესაბამის ცვლილებებს კანონმდებლობაში და შეიცვლება მხარდამჭერთა სიების შეგროვების, წარდგენისა და გადამოწმების წესი, ცენტრალური საარჩევნო კომისია აღასრულებს ამ წესს. ამ ეტაპზე, ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ არსებული კანონმდებლობის მიხედვით.”

პოლიტიკურმა გაერთიანება “გირჩი” ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2017 წლის 31 ივლისს ფაეტონით მივიდა, ზურაბ ჯაფარიძემ კი თანაგუნდელებთან ერთად “მხარდამჭერთა ხელნაწერები” ხურჯინით შეიტანა ცესკოში. რამდენიმე დღით ადრე, “გირჩის” ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნდა ვიდეო, სადაც ხელმოწერების დამზადების პროცესია ასახული.

როგორც პოლიტიკური გაერთიანების წევრები აცხადებენ, მათ იმის თქმა სურდათ, რომ თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია საქართველოში იყენებს საარჩევნო სიას და ყალბი ხელმოწერების ხარჯზე იღებს ყოველ არჩევნებში მონაწილეობას – ცესკოში წარადგენს 25,000 ამომრჩევლის ხელმოწერას, თუმცა არჩევნებში რამდენიმე ასეულ ხმას იღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი