ახალი ამბები

ღარიბაშვილი: საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალეა

13 მარტი, 2014 •
ღარიბაშვილი: საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალეა

“საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დაკავშირებული პროცესი იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე, თუნდაც, როგორც მოხდა საკონკურსო კომისიის დაკომპლექტება, როგორ მოხდა ამ ადამიანების, ბორდის შერჩევა, აბსოლუტურად გამჭვირვალედ მოხდა. ის, რომ ჩვენს ხელისუფლებას ინტერესი არა აქვს, რომ კონტროლი დააწესოს მედიაზე, ეს ჩვენ მრავალგზის დავამტკიცეთ,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და ამის საილუსტრაციოდ მოიყვანა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, როდესაც მან საპრეზიდენტო არჩევნებამდე დახურა მის საკუთრებაში არსებული ტელევიზია “მეცხრე არხი”:

 

“ჩვენ რომ გვქონოდა სურვილი, გავლენა გაგვევრცელებინა რომელიმე ტელევიზიაზე, კითხვა არ გაქვთ – რატომ დავხურავდით მაშინ მეცხრე არხს?” – განაცხადა ღარიბაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრის დროს, როდესაც ერთ-ერთმა სტუდენტმა მას კითხვა სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელში ბორდის არჩევის გაჭიანურებული პროცესის შესახებ დაუსვა კითხვა.

 

“რაც შეეხება პირველ არხს, პროცესი გვაქვს მაქსიმალურად გამჭვირვალე და გახსნილი. კომისია, რომელიც არის, ყველა არის პატივსაცემი ადამიანი და მათ კომპეტენციაში ვერავინ ვერ შეიტანს რაიმე ეჭვს. მე როგორც ვიცი, ეს კომისია გააგრძელებს მუშაობას და დასრულდება ბორდის წევრების არჩევა. ამაში მე ვერ ვხედავ ვერაფერ უჩვეულოს, პარლამენტი მოქმედებს კანონის შესაბამისად,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი