ახალი ამბები

უზენაეს სასამართლოში შესაძლოა მოსამართლეთა რაოდენობა კანონით განისაზღვროს

12 მარტი, 2014 •
უზენაეს სასამართლოში შესაძლოა მოსამართლეთა რაოდენობა კანონით განისაზღვროს

“ინიციატივა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში  ცვლილებებს ითვალისწინებს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა  კანონით განისაზღვრება, განსხვავებით დღევანდელი პრაქტიკისაგან, როდესაც მოსამართლეთა რიცხვი უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერაა განსაზღვრული. გარდა ამისა, გაიზრდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობაც”, – ნათქვამია იუსტიციის სამინსიტროს განცხადებაში.

 

მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, სამუშაო ჯგუფს სამინისტრომ კიდევ ერთი რეფორმა წარუდგინა, რომლის თანახმადაც, პირს უფლება ექნება, მიმართოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით, მიუხედავად იმისა, გასაჩივრებული საქმე მნიშვნელოვანია თუ არა სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ან განსხვავდება თუ არა ამ კატეგორიის საქმეებზე უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. თუკი მოქალაქე ჩათვლის, რომ  სასამართლო გადაწყვეტილება მის მიმართ უკანონოა, ეს გარემოება საკმარისი იქნება, რათა მას მიეცეს უზენაესი სასამართლოსთვის საკასაციო საჩივრით მიმართვის შესაძლებლობა.


“ცვლილებების მიზანი საქართველოს მოქალაქეებისათვის სასამართლო ხელმისაწვდომობის გაზრდა და მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანობის უზრუნველყოფაა”, – ნათქვამია იუსტიციის სამინსიტროს განცხადებაში.

 

მათივე ინფორმაციით, დღეს გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები; საქართველოს საკონსტიტუციო, უზენაესი, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების, აგრეთვე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები; არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციები; ღონისძიება ევროკავშირის პროექტის − „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ − თანადგომით გაიმართა.


მასალების გადაბეჭდვის წესი