“მახოვს, როდესაც ვამთავრებდი საქართველოში უნივერსიტეტს და რეალური პერსპექტივა არ ჩანდა დასაქმების… შემდეგ მე წავედი საფრანგეთში და ახალი მომხდარი იყო რევოლუცია, როდესაც დავბრუნდი. ორი არჩევანი მქონდა, რომ დავსაქმებულიყავი – პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ან ბატონი ბიძინა ივანიშვილის კერძო სტრუქტურაში და არჩევანი გავაკეთე მეორეზე და მივხვდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ახალი მთავრობის პრიორიტეტია საჯარო სექტორის რეფორმა, რადგან, როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, “ძალიან ბევრი არაკომპეტენტური თანამშრომელია სამინისტროებში”.
ღარიბაშვილის თქმით, როდესაც ის იყო შს მინისტრი, ახალი კადრების მოსაზიდად გამოაცხადა კონკურსი, რომელშიც 500 სტუდენტი მონაწილეობდა:
“130 შევარჩიეთ და 35 ავიყვანეთ შტატში, დანარჩენებმა სტაჟირება გაიარეს სამინისტროში, ასეთი მიდგომა მქონდა მე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, სწორედ ახალი კადრების შერჩევას ემსახურება მისი ინიციატივა, რომ სტუდენტებმა გაიარონ ექვსთვიანი სტაჟირება სამინისტროებში:
“ამით მოხდება არაკომპეტენტური კადრების გამოვლენა და ჩანაცვლება… საჯარო სამსახურის რეფორმა არის ჩემი მთავარი პრიორიტეტი. სტაჟირებით დავიწყოთ, მერე გამოჩნდება თქვენი უნარები, მე პირადად სანთლით ვეძებ კვალიფიციურ კადრებს, ძალიან ჭირს საქართველოში კვალიფიციური კადრები”, – განაცხადა ღარიბაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრის დროს.