აღნიშნული ინიციატივა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნო.
პრემიერის განმარტებით, მთავრობა ეძებს გზებს, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ კარგი განათლების მიღება – ერთი მხრივ, საქართველოში ამაღლდეს განათლების ხელმისაწვდომობა და ხარისხი, მეორე მხრივ კი, ისწავლონ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ქვეყნის განვითარებას მოახმარონ.
საერთაშორისო განათლების ცენტრში, რომელიც უშუალოდ პრემიერის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, ყველა ფინანსური რესურსის, მათ შორის საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების სახსრების კონსოლიდაცია მოხდება.
ცენტრი განახორციელებს იმ პროექტებს, რომელთაც აქამდე განათლების სამინისტრო ახორციელებდა – საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველებს სახელმწიფო დააფინანსებს.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, უპირველეს ყოვლისა, დაფინანასდება ის მიმართულებები, რომლის დეფიციტიც დღეს ქვეყანაშია. პრიორიტეტული სექტორების გამოსავლენად სპეციალური კვლევები ჩატარდება.
პრემიერის აღნიშნულ ინიციატივაში ჩადებული იქნება პირობა, რომ საზღვარგარეთ სწავლის შემდეგ სპეციალისტები დაბრუნდებიან საქართველოში და სახელმწიფოს საქმიანობაში ჩაერთვებიან.
ცენტრმა, როგორც პრემიერი ამბობს, ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში დაბრუნებული სპეციალისტების დასაქმებას.
„ჩვენი მიდგომაა, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ის ადამიანური რესურსი, რომელიც, პრინციპში, ჩვენი ყველაზე დიდი აქტივია. მთელი ეს ძალისხმევა გამიზნულია იმისთვის, რომ ქართველმა სტუდენტებმა მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნა და გამოიმუშაონ უნარები, რაც მომავალში მნიშვნელოვნად განაპირობებს ქართული ინტელექტუალური რესურსის კონკურენტუნარიანობას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.