ახალი ამბები

იწვრთნებოდა თუ არა საქართველოში ბოსტონის ტერაქტის ორგანიზატორი?

24 აპრილი, 2013 • 1304
იწვრთნებოდა თუ არა საქართველოში ბოსტონის ტერაქტის ორგანიზატორი?

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ღარიბაშვილის უწყება დღის განმავლობაში გამოაქვეყნებს, მანამდე კი შსს-ში სტატიაში მოყვანილ ფაქტებზე განმარტებებს არ აკეთებენ.

 

“იზვესტიას” ცნობით, მათ აქვთ საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დოკუმენტები, რომლითაც მტკიცდება ის ფაქტი, რომ ქართული ორგანიზაცია “კავკასიის ფონდი” თანამშრომლობდა ამერიკულ ორგანიზაცია “ჯეიმსტაუნის ფონდთან” და ეწეოდა ჩრდილოკავკასიის მცხოვრებთა გადაბირებას იმ მიზნით, რომ მათ ემუშავათ აშშ-სა და საქართველოს ინტერესებისთვის.

 

“იზვესტია” იუწყება, რომ საქართველოს შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის წარდგენილ ანგარიშში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ჭანტურია წერს, რომ “კავკასიის ფონდმა” “ჯეიმსტაუნის ფონდთან” ერთად 2012 წლის ზაფხულში გამართა სემინარები კავკასიელი ახალგარდებისთვის და რამდენიმე ასეთ სემინარში მონაწილეობდა ბოსტონის ტერაქტში ბრალდებული ტამერლან ცარნაევიც, რომელიც რუსეთში იმყოფებოდა 2012 წლის იანვრიდან ივლისამდე.

 

ტამერლან ცარნაევი, ფოტო: როიტერი
ტამერლან ცარნაევი, ფოტო: როიტერი

როგორც “იზვესტიის” მიერ გამოქვეყნებულ მასალაშია აღნიშნული, ჭანტურია ანგარიშში წერს, რომ “კავკასიის ფონდი” საქართველოში 2008 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა “ჩრდილო-კავკასიის რეგიონში მიმდინარეო პროცესებზე კონტროლისთვის”.

 

ორგანიზაციის წესდების მიხედვით კი, მისი შექმნის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. “კავკასიის ფონდის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ “კავკასიის ფონდი” შექმნილია კავკასიის ხალხური ტრადიციების აღდგენისა და პოპულარიზაციისთვის, კავკასიის ხალხთა ჰარმონიული და მშვიდობიანი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობისთვის, სახალხო დიპლომატიის გაღრმავებისა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისთვის, სპორტის ნაციონალური სახეობების განვითარების სტიმულირებისთვის და ა.შ.

 

“იზვესტია” ავრცელებს ამონარიდებს, როგორც გამოცემა მიუთითებს – ჭანტურიას ანგარიშიდან: “ორგანიზაციის დაფინანსებისთვის განსაზღვრული იყო ყოველთვიური თანხა 33 ათასი ლარის ოდენობით. ორგანიზაციის შექმნიდან 2013 წლის 1 იანვრამდე გამოყოფილი თანხის ოდენობამ შეადგინა 4,058 მილიონი ლარი”.

 

რუსული გამოცემის ცნობით, საქართველოს შსს-ს დოკუმენტაციაში საუბარია “კავკასიის ფონდის” საქმიანობაზე დაღესტანთან სამ სასაზღვრო რეგიონში, კერძოდ, აზერბაიჯანულ ბელაქანში, კახსა და ზაქათალაში. ასევე, კონტრდაზვერვის პოლკოვნიკი ჭანტურია ანგარიშში წერს, რომ საქართველოს სპეცსამსახურები “კავკასიის ფონდისა” და “ჯეიმსტაუნის ფონდის” მეშვეობით ჩეჩნეთში პოულობენ საქართველოსადმი თანაგრძნობით განწყობილ პირებს, რომლებსაც იწვევენ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობისთვის საქართველოში და ასეთ სემინარებზე ახდენენ რუსეთის მოქალაქეების გადაბირებას და მათ შემდეგში ამზადებენ ტერორისტული აქტების განხორციელებისთვის.

 

საჯარო რეესტრის მიხედვით, “კავკასიის ფონდს” სამი დამფუძნებელი ჰყავს – გივი ღამბაშიძე, გიორგი აღდგომელაძე და ნუგზარ გოგორიშვილი. ფონდის პრეზიდენტია გივი ღამბაშიძე, რომელიც “ნეტგაზეთთან” საუბარში კატეგორიულად უარყოფს იმ ბრალდებებს, რაც რუსული გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული:


“ეს არის ძალიან დიდი ბრალდება საქართველოს მიმართ, “კავკასიის ფონდის” მიმართ, მისი პრეზიდენტის მიმართ, რომელიც ნობელის პრემიაზეა წარდგენილი სწორედ კავკასიაში მშვიდობის დარგში. ეს ცილისწამებაა მთელი ქვეყნისა,” – აცხადებს ღამბაშიძე. მისივე თქმით, მათ მიერ ორგანიზებულ არც ერთ ღონისძიებაში არასდროს მონაწილეობა არ მიუღია ტამერლან ცარნაევს:

 

“არ ყოფილა საერთოდ და არც გაგვიგია ეს სახელი და გვარი”, – აცხადებს ღამბაშიძე, რომელიც რამდენიმე წუთში გაავრცელებს ორგანიზაციის სახელით ვრცელ განცხადებას ამ საკითხებთან დაკავშირებით.


“კავკასიის ფონდის” ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ ფონდის მიერ ფინანსდება ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა კავკასიის ხალხთა ისტორიული, ლინგვისტური, ეთნოგრაფიული, კულტურული მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევები; კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, დისპუტებში ახალგაზრდა მეცნიერთა მონაწილეობა; კონკურსების ჩატარება.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის 2012 წლის საპარლამენტო ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა ლაფანყურის სპეცოპერაციას, სადაც საუბარია იმაზე, რომ 120 ჩეჩნური წარმოშობის მოქალაქე საქართველოში ჩამოვიდა გასული წლის გაზაფხულზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების ორგანიზებით. უჩა ნანუაშვილის თქმით, ვაზიანის და შავნაბადას სამხედრო ბაზაზე ხდებოდა მათი წვრთნა, ხოლო შსს–ს მაღალი თანამდებობის პირები მათ უფორმებდნენ იარაღს და აძლევდნენ სხვადასხვა დოკუმენტაციას.

 

სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონფიდენციალური წყაროს ცნობით, ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფთან უშუალო კავშირი ჰქონდა შსს–ს მინისტრის მაშინდელ მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს და შსს–ს მაღალჩინოსნებს – სანდრო ამირიძეს და ზურა მაისურაძეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი