ახალი ამბები

ვინ დარჩა ლანჩის გარეშე სტრასბურგში

23 აპრილი, 2013 •
ვინ დარჩა ლანჩის გარეშე სტრასბურგში

“ახლა ზუსტად დავადგინე, რომ საკუთარ ლანჩზე, რომელზეც ოპოზიციის წევრებს გვეკუთვნოდა დასწრება (და გუშინ თინა ხიდაშელი დაგვპირდა, რომ აუცილებლად ვიქნებოდით, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ ვიყავით), ივანიშვილმა დაპატიჟა პუშკოვი. არადა, თედო ჯაფარიძეც კი ფრთხილობდა მასთან შეხვედრას. რა ჰქვია ახლა ამას?” – აცხადებს კანდელაკი.


როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, ამ ღონისძიებაზე პროტოკოლის მიხედვით ოპოზიციის წარმომადგნლებიც უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა ისინი არ მიუწვევიათ.

 

“[ლანჩზე] დამსწრე ევროპელმა დეპუტატებმა გვითხრეს, რომ იქ იყო პუშკოვი”, – ამბობს კანდელაკი “ნეტგაზეთთან” საუბარში.


“ნეტგაზეთი” კანდელაკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის იმ თანამშრომელთან შეეცადა, რომელიც ამჟამად ივანიშვილთან ერთად სტრასბურგში იმყოფება. ანა გოჩაშვილი ამბობს, რომ ეს ლანჩი არა ივანიშვილის, არმედ PACE-ს პრეზიდენტ ჟან კლოდ მინიონის ინიციატივით გაიმართა.


“ეს ლანჩი გამართა მინიონიმ პრემიერ-მინისტრის საპატივცემულოდ, ანუ ჩვენც მიწვეულები ვიყავით. შეუძლიათ მასთან გადაამოწმონ”, – ამბობს გოჩაშვილი და იმის გასარკვევად, ნამდვილად ესწრებოდა თუ არ პუშკოვი ზემოხსენებულ ლანჩს, დეპუტატ თინა ხიდაშელთან გვამისამართებს: “მე არ ვიცი, იყო თუ არა პუშკოვი”.

 

ჯერჯერობით ხიდაშელთან სატელეფონო კავშირის დამყარება ვერ მოხერხდა. “ნეტგაზეთის” შეკითხვებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ უპასუხა, რომელიც ასევე სტრასბურგში იმყოფება და კანდელაკის მიერ გავრცელებულ ცნობას ტყუილი უწოდა.


“ძალიან ცრუ ინფორმაციაა იმიტომ, რომ ამ ლანჩზე არ ვიყავით მიწვეულები არც უმრავლესობის და არც უმცირესობის წარმომადგენლები და, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იყო მიწვეული. იყო თუ არა მათ შორის პუშკოვი, ნამდვილად ვერ გეტყვით, ძალიან მეეჭვება, რომ იგი იქ ყოფილიყო”, – “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე.


ჩაფიძის ინფორმაციით, ქართულმა დელეგაციამ ერთი ოფიციალური სადილი სტრასბურგში გუშინ, 22 აპრილს უკვე გამართა და დღეს საღამოს კიდევ იგეგმება მიღების მოწყობა. დეპუტატის მტკიცებით, ამ ორივე ღონისძიებაზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებიც მიიწვიეს.

 

“დღეს საღამოს ისინი მოწვეულები არიან ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც იმართება ჩვენი წარმომდგენლობის სახელით პრემიერის საპატივცემულოდ და შეგიძლიათ მათ დაუკავშირდეთ და უთხრათ, რომ დღეს საღამოს მოწვეულები არიან ძალიან სერიოზულ მიღებაზე”, – ამბობს ჩაფიძე.

 

ცოტა ხნის წინ ფეისბუკზე, პრემიერ–მინისტრის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა დღეს გამართული ლანჩის ამსახველი ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ ღონისძიებას ალექსეი პუშკოვიც ესწრებოდა. 

ივანიშვილი და პუშკოვი
ივანიშვილი და პუშკოვი


“დღეს ევროპის სასახლეში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ მინიონის სახელით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პატივსაცემად სადილი გაიმართა”, – ნათქვამია პრემიერის ოფიციალურ ფეისბუკ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

 

გიორგი კანდელაკი კი პრემიერ–მინისტრს პუშკოვთან შეხვედრის გამო აკრიტიკებს.

 

“ალექსეი პუშკოვი არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაში რუსეთის დელეგაციის თავმჯდომარე და საქართველოსადმი ერთ-ერთი ყველაზე აგრესიულად განწყობილი რუსი პოლიტიკოსი, რომელიც აგრესიულად გამოდის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარებისა და ჩვენი დევნილებისათვის დაბრუნების უფლების ჩამორთმევის ლოზუნგებით. საგარეო პოლიტიკაში ქართული ოცნების ზოგადი მიდგომა ნათლად ჩამოყალიბდა: საქართველოს მტრებთან (ან სკეპტიკოსებთან) მეგობრობა და საქართველოს მეგობრებთან ჩხუბი და შედეგად, მათი გაუცხოება. ამის კულმინაციაა დღეს ივანიშვილის მიერ პუშკოვის ლანჩზე დაპატიჟებაა. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ფორმალურად ეს არ არის პრემიერ-მინისტრის დონე, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი კულუარული შეხვედრით, რომელიც ჟენევის ფორმატს აზარალებს, რამე შედეგის მიღწევა შეიძლება, ეს, საუკეთესო შემთხვევაში, მიამიტობაა… უარეს შემთხვევაზე არც მინდა ვიფიქრო”, – ამბობს კანდელაკი სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი