ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილმა ვეტო ორ კანონპროექტს დაადო

23 აპრილი, 2013 • • 1208
მიხეილ სააკაშვილმა ვეტო ორ კანონპროექტს დაადო

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა განუცხადა.

ანდრო ბარნოვის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და ვეტო დაადო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებს:”პირველი საკითხი შეეხება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას და საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის ვადამდე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას. მეორე საკითხი შეეხება ბრალდებულის უფლების შეზღუდვას, თავად აირჩიოს, მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე განხილულ იქნას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ თუ მის გარეშე.”

 

 

მიხეილ სააკაშვილი | ფოტო: მანანა ქველიაშვილი
მიხეილ სააკაშვილი | ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

ბარნოვის განმარტებით, ვეტოს გამოყენებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ პარლამენტმა უგულვებელყო ვენეციის კომისიის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული პოზიცია, რომლის განსაკუთრებული მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ ის შეეხება არა თეორიულ მოდელს, არამედ იმ რეალურ კონტექსტს, რომლის ფარგლებში ხორციელდება ის ცვლილება.

 

ბარნოვის განმარტებით, ორივე კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს დღესვე გადაეგზავნება.

 

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტოს უფლება 2012 წლის დეკემბერში გამოიყენა, როცა პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი “ამნისტიის შესახებ” შეაჩერა.

პარლამენტმა ”ამნისტიის შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო 2012 წლის 28 დეკემბერს 91 ხმით 24-ის წინააღმდეგ დაძლია.

პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს პრეზიდენტს გაუგზავნის. თუკი პრეზიდენტმა მას 7 დღის ვადაში ხელი არ მოაწერა, პროექტს პარლამენტის თავმჯდომარე აწერს ხელს, რის შემდეგაც კანონი ძალაში შედის.

ვეტოს დაძლევის პროცედურის დაწყებამდე პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინებით წარდგენილ პროექტს უყარა კენჭი, რომელსაც მხოლოდ 33-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 83 წინააღმდეგ წავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი