ახალი ამბები

რეგიონების განვითარების ფონდიდან 643 პროექტი დაფინანსდება

23 აპრილი, 2013 • • 947
რეგიონების განვითარების ფონდიდან 643 პროექტი დაფინანსდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიას განცხადებით, 2013 წლის პირველი კვარტლის მონაცემები გასული წლის შედეგებს ყველა პარამეტრით აჭარბებს:

“მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელი 36%-ით აჭარბებს 2012 წლის ამავე პერიოდში დაფიქსირებულ მონაცემებს. გაწეული ხარჯების საკასო შესრულება 2013 წლის პირველ კვარტალში შეადგენს 87 118 615,0 ლარს, მაშინ, როცა 2012 წლის პირველ კვარტალში 55 349 347,16 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, წლევანდელი მაჩვენებელი 31 769 267,84 ლარით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს”.

 

მინისტრის მოადგილის შოთა მურღულიას ინფორმაციით, ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებზე დაიხარჯა.

 

 

“2013 წლის პირველ კვარტალში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე 64 814 793,2 ლარი დაიხარჯა. 2012 წლის ამავე პერიოდში კი 28 661 203.0 ლარი იყო გახარჯული.  ამ მიმართულებით დაფინანსებულია 115 პროცენტით მეტი ღირებულების პროექტი, ვიდრე 2012 წლის ამავე პერიოდში დაფინანსდა. მზარდი მაჩვენებელი დაფიქსირდა გზების მოვლა-შენახვაზე დახარჯული თანხების მიმართულებითაც. ეს თანხა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 23 734 007,65 ლარს შეადგენს, რაც 65,7 პროცენტით აღემატება ამავე მიზნით 2012 წლის პირველი კვარტლის საკასო ხარჯების მაჩვენებელს.” 

 

შოთა მურღულიას განცხადებით, ინტენსიურად მიმდინარეობს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა. ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სამ მონაკვეთზე:

 

“პირველი კვარტლის მონაცემებით, ავტომაგისტრალის მშენებლობის მიმართულებით დაფინანსებულია 170 პროცენტით მეტი ღირებულების სამუშაო, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში დაფინანსდა. რაც შეეხებ სახელმწიფო შესყიდვებს, ამ ნაწილში დაფიქსირებული მონაცემებიც ადასტურებს, რომ 2013 წლის პირველი კვარტალი 2012 წლის ამავე პერიოდთან შედარებით მაღალი მაჩვენებლით დასრულდა.”

 

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მუნიციპალიტეტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დამატებით მიიღებენ თანხებს იმისათვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოგვარდეს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 643 პროექტი დაფინანსდება. სამინისტრომ, ჯამში, 2 000 პროექტი განიხილა. პროექტების ჯამური ოდენობა 200 მილიონ ლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი