ახალი ამბები

შსს–მ ინტერპოლით ძებნილი ორი პირი დააკავა

23 აპრილი, 2013 • 1005
შსს–მ ინტერპოლით ძებნილი ორი პირი დააკავა

ისრაელის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული ელგუჯა ხუდაშვილი შსს–ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის შეაჩერეს. ის პარიზის ინტერპოლის მიერ 2008 წლიდან იძებნებოდა საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის 441-6-ე, 441-10-ე, 441-11-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, აგრეთვე, საფრანგეთის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონის და საბაჟოს შესახებ კანონის დარღვევისთვის, რაც გულისხმობს კონტრაბანდული საქონლის ფლობას და იმპორტს, აკრძალული, არადეკლარირებული საქონლის იმპორტს, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად ყალბი სავაჭრო მარკის საქონლის ფლობას, იმპორტს და გაყიდვას.

 

აშხაბადის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაში მყოფი თურქმენეთის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული გულშატ საფაროვა კი სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას დააკავეს.

 

აღნიშნულ პიროვნებაზე აშხაბადის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნა 2013 წლის 28 მარტს გამოცხადდა. მას ბრალად ედება თურქმენეთის სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე, 141-ე და 142-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს პროსტიტუციაში ჩაბმას, სუტენიორობას და პროსტიტუციაში შუამავლობას.

 

გულშატ საფაროვამ თურქმენეთის მოქალაქე ორი გოგონა თურქეთში ჩაიყვანა, სადაც ისინი ჩააბა პროსტიტუციაში და აიძულებდა სექსუალური მომსახურება გაეწია თურქი ეროვნების მამაკაცებისთვის, გამომუშავებულ თანხებს კი საკუთარი მიზნებისთვის ითვისებდა.

 

ორივე დაკავებული გადაყვანილია დროებითი დაკავების იზოლატორში. ამჟამად მათ მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.

მასალების გადაბეჭდვის წესი