ახალი ამბები

მელაშვილი: ნაციონალები პრემიერის წინააღმდეგ სტრასბურგში დემარშს გეგმავდნენ

22 აპრილი, 2013 • • 878
მელაშვილი: ნაციონალები პრემიერის წინააღმდეგ სტრასბურგში დემარშს გეგმავდნენ

როგორც მელაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, საუბარია სტრასბურგში ქართველი ემიგრანტების მიერ ივანიშვილის წინააღმდეგ ორგანიზებულ აქციებზე და უშუალოდ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ზოგიერთი ევროპარლამენტარის შეკითხვებზე.

 

“ვიცით, რომ ნაციონალური მოძრაობა ამზადებდა გარკვეულ დემარშებს… არა მარტო ევროდეპუტატების სახით, ისინი ცდილობდნენ გარეთ ქართველების აქციის მოწყობას იმისათვის, რომ პრემიერისთვის ჩირქი მოეცხოთ”, – ამბობს მელაშვილი და დასძენს, რომ მისთვის უცნობია, რამდენად წარმატებულად განახორციელებს ნაც.მოძრაობა აღნიშნულ გეგმას.

“ვნახოთ, იმედია ჩავარდება [ეს გეგმა]”, – აცხადებს იგი “ნეტგაზეთთან” საუბარში.


ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ ნაციონალურ მოძრაობაში. როგორც “ნეტგაზეთს” პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა უთხრა, მათ ინტერესებში შედის, რომ საქართველო აბსოლუტურად ყველა სამიტზე ღირსეულად იყოს წარმოდგენილი.


“არანაირი დემარში ჩვენი მხრიდან არ იქნება”, – აცხადებს იგი.


ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, ივანიშვილის სტრასბურგში ვიზიტი და საპარლამენტო ასამბლეაზე მისი სიტყვით გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია.

“მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმა უშუალოდ მოისმინოს ის ხედვები, რომლებიც ევროდეპუტატებს გააჩნიათ საქართველოსთან დაკავშირებით”.

პავლე კუბლაშვილი
პავლე კუბლაშვილი

როგორც ცნობილია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დისკუსია გაიმართება, სადაც პრემიერ–მინისტრს ევროპარლამენტარების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. კუბლაშვილის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილს მსგავსი გამოსვლების დიდი გამოცდილება არ აქვს, მისგან რაღაც განსაკუთრებულს შეიძლება არ უნდა ველოდოთ.


“ვერ გეტყვით [გაუჭირდება თუ არა მას ევროპარლამენტარებთან დისკუსია], ამას დრო გვიჩვენებს”, – აღნიშნავს კუბლაშვილი.


ირაკლი მელაშვილი კი დარწმუნებულია, რომ პრემიერ–მინისტრს ევროდეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა არ გაუჭირდება.


“არაფერი არ მოხდება, ყველაფერი იქნება კარგად. პრემიერ–მინისტრის ეს ვიზიტიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც იყო მანამდე. მას რამდენჯერმე უკვე მოუწია ევროდეპუტატებთან ურთიერთობა… გარწმუნებთ, არ გაუჭირდება. აბსოლუტურად მომზადებულია პრემიერ–მინისტრი და მას აქვს ცოდნა და გამოცილდება იმისთვის, რომ ამ კითხვებს პასუხი გასცეს”.


მელაშვილის აზრს იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ივანიშვილის თანაკოალიციელი გია ჟორჟოლიანი, რომელიც “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ იგი რამდენჯერმე შესწრებია პრემიერის უცხოელებთან საუბრებს და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე დარწმუნებულია, რომ მას ევროპარლამენტარებთან დისკუსია არც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან გაუჭირდება.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას დაესწრება და სიტყვით გამოვა. “ევროსაბჭოს დეპუტატები საქართველოს პრემიერ-მინისტრს 23 აპრილს, ადგილობრივი დროით 12 საათზე მოუსმენენ. მიმართვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის გარდა, ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. დაგეგმილია შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ჟან კლოდ მინიონთან”.– ნათქვამია პრემიერის ოფიციალურ გვერდზე.


სტრასბურგში ვიზიტის დროს დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან. ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგს 24 აპრილს დატოვებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი