ახალი ამბები

კვირიკაშვილი პუტინის აფხაზეთში ვიზიტზე: ეს წართმეული რეგიონების დაკანონების მცდელობაა

3 აგვისტო, 2017 • 1493
კვირიკაშვილი პუტინის აფხაზეთში ვიზიტზე: ეს წართმეული რეგიონების დაკანონების მცდელობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის პრეზიდენტის აფხაზეთში შესაძლო ვიზიტს რუსული პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს, რომლის მიზანიც რეგიონში ოკუპაციის დაკანონებაა.

კვირიკაშვილის თქმით, სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველომ რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების მშვიდობიანად დასარეგულირებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა, საბოლოო ჯამში, ქვეყანა გაერთიანდეს.

“მინდა აღვნიშნო ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტთან დაკავშირებით. ეს განცხადებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, ემსახურება, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რომლის მოწმენიც ჩვენ ვართ. ეს არის საქართველოსთვის ძალისმიერად წართმეული რეგიონების მდგომარეობის დაკანონების მცდელობა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, მშვიდობიან, კონსტრუქციულ რეჟიმში შევძლოთ, რომ რუსეთთან პოლიტიკურად დავარეგულიროთ ჩვენი კონფლიქტი და ოკუპირებული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოსახლეობა შევარიგოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა” – თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.

Gazeta.ru წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 8 აგვისტოს შესაძლოა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდეს.

“ასეთი ვიზიტის შესაძლებლობა და თარიღები ამ დროისთვის დიპლომატიური არხებით მუშავდება”, – რია ნოვოსტის ინფორმაციით, განაცხადა პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი