ახალი ამბები

სტამბები სასკოლო სახელმძღვანელოებს 3-ჯერ ნაკლებ ფასად დაბეჭდავენ

22 აპრილი, 2013 • 1083
სტამბები სასკოლო სახელმძღვანელოებს 3-ჯერ ნაკლებ ფასად დაბეჭდავენ

გიორგი მარგველაშვილმა უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ სამინისტრო ცალკეული სტამბების შერჩევით გარკვეულ მონოპოლიებს ქმნის. 

 

“არანაირი ინტერესი არ არსებობს, რომ რაიმე ტიპის მონოპოლია შევქმნათ. მარტივი მათემატიკაა. თუ გამომცემლობები 4-5 ლარად ბეჭდავდნენ, დღეს 1.80 ლარის ფარგლებში დაიბეჭდება. მონოპოლიებს ფინანსური ინტერესებით ქმნიან, ამ შემთხვევაში კი, პირიქით, საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვა ხდება,”-ამბობს მინისტრი.

 

ტენდერი სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე განათლების სამინისტროს არ გამოუცხადებია. როგორც მინისტრი აცხადებს, მოლაპარაკებების საფუძველზე შეირჩა 4-5 სტამბა. მათი შერჩევის კრიტერიუმი კი, როგორც მარგველაშვილი ამბობს, წიგნის ბეჭდვის ფასი იყო.

 

“ეს არის ძალიან სერიოზული შეკვეთა. ადრე წიგნები საქართველოს ფარგლებს გარეთ იბეჭდებოდა ძირითადად, რაც აისახებოდა ქვეყანაში სასტამბო სიძლიერის საკითხზეც. ჩვენ დავიწყეთ მოკვლევა, ვისაც აქვს ამხელა შეკვეთის “გაქაჩვის” შესაძლებლობა და მათ გარანტია მოგვცეს, რომ არ ჩააგდებენ შეკვეთას.”

 
მარგველაშვილი ასევე გამომცემლობების განცხადებასაც გამოეხმაურა საკუთრების უფლების დარღვევისა და სასამართლოში განათლების სამინისტროს წინააღმდეგ განცხადების შეტანის თაობაზე. 
 

“ნებისმიერი ინტელექტუალური საკუთრების გარანტი სამართლებრივ საზოგადოებაში არის კონტრაქტი, რომლის დარღვევაშიც ბრალს არავინ მდებს. ვიცავ მის ყველა პირობას. შესაბამისად, ვერ ვხვდები, რას ვარღვევ.”


როგორც ის ამბობს, გაკვირვებულია, რატომ გააჩინა ამდენი კითხვა აღნიშნულმა საკითხმა მაშინ, როდესაც არავინ ინტერესდება, რა ხდებოდა აქამდე გამომცემლობების საკითხის ირგვლივ. 

 
“რატომღაც ჩვენ არ ვსვამთ კითხვას იმის შესახებ, რომ ამ კონტრაქტებით გამომცემლობებთან ნახევარი მილიონი ლარი არის ამოღებული ხალხისგან. მთავარი თემა არის, სად წავიდა ეს ფული, თუ ვინმეს რამე უფლება შეელახა?” 
 
სწორედ საკუთრების უფლების შელახვაში ადანაშაულებენ დღეს გამომცემლობები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
 
გამომცემლობა “ლოგოს პრესის” წარმომადგენელი ამბობს, რომ სამინისტრომ მათი კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება, ინტელექტუალური საკუთრების უფლება წაართვა. შესაბამისად, გამომცელობებმა სასამართლოში განცხადება უკვე შეიტანეს. 
 
გამომცემლობებს სოლიდარობას მეცნიერთა ნაწილი და მწერლებიც უცხადებენ. მეცნიერების აზრით, სამინისტროს გადაწყვეტილება არა მხოლოდ გამომცემლობებს, მეცნიერებსაც დააზარალებს, ვინაიდან, მათი განმარტებით, მათ გარკვეულ პროექტებს სწორედ გამომცემლობები აფინანსებდნენ. 

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი