ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობით შეშფოთებულია

22 აპრილი, 2013 • 1269
საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობით შეშფოთებულია

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2012 წლის ბოლოდან რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო ხაზის განოკტროლების მიზნით დააწესეს სრულმასშტაბიანი შემზღუდავი ზომები, რითიც საგრძნობლად შეიზღუდა ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, გადაადგილების, ჯანდაცვის, საკუთარ ენაზე განათლების მიღებისა და სხვა სოციალურ–ეკონომიკური ხასიათის უფლებები:


“ჩვენს შეშფოთებას იწვევს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებსა და ნაკვეთებზე მავთულხლართების გაბმა. დღეისათვის მავთულხლართებია გაბმული გორის რაიონში – სოფლები დიდი ხურვალეთი, გუგუთიანთკარი და ქვემო ნიქოზი, და ქარელის რაიონში –  სოფლები თამარაშენი–დვანი და ატოცი. მავთულხლართების გაბმის შედეგად მოსახლეობა ვერ ახერხებს სოფლის სამეურნეო თუ ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებას, გადაადგილებას. 18 ოჯახიდან, რომელთაც შეეხოთ არსებული მწვავე პრობლემა და რომელთა ეზო ორად იქნა გაყოფილი, რამოდენიმე ოჯახი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი”, – განაცხადა ზალკალიანმა. მისი თქმით მავთულხლართების გაბმა კვლავ მიმდინარეობს. აღნიშნული საკითხი საქართველოს მხარემ ჟენევის მოლაპარაკებების 23–ე რაუნდზე დღის წესრიგში დააყენა:



“მარტის დასასრულს თანხის გამოძალვის მიზნით გატაცებული იქნა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუას მცხოვრები გოგიტა კვარაცხელია, რომელიც, სამწუხაროდ, 11 აპრილს გალის რეგიონის სოფელ ტაგილონში მოკლული იპოვეს. აღნიშნულის თაობაზე გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინსიტრო. ჩამოთვლილი შემაშფოთებელი ფაქტები მოწმობს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას და კიდევ ერთხელ ცხადყოფს რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების გარდაუვალ საჭიროებას”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი