ახალი ამბები

მარგველაშვილი განმარტავს, როგორ შეარჩია სტამბები უფასო სახელმძღვანელოებისთვის

20 აპრილი, 2013 • • 1011
მარგველაშვილი განმარტავს, როგორ შეარჩია სტამბები უფასო სახელმძღვანელოებისთვის

“მოლაპარაკება მიმდინარეობდა ყველა სტამბასთან, ყველა გამომცემელთან. არანაირი დამალული პროცესი ეს არ იყო. შეირჩა 4 თუ 5 სტამბა, რომელსაც ჯამურად აქვს იმის შესაძლებლობა, ამ დიდ შეკვეთას, საქართველოს ბაზრისთვის პრინციპში უპრეცედენტო შეკვეთა განახორციელოს,”– განაცხადა მინისტრმა. 

 

შეკითხვაზე – ტენდერი ჩატარდა თუ არა, მინისტრმა უპასუხა, რომ “ეს იყო ფასთა მოკვლევა, რომელსაც ჩვენ ვიკვლევდით დასაწყისიდანვე, 5 თვის წინ დავიწყეთ ფასთა მოკვლევა, რა ჯდება ეს პროდუქტი და, აგრეთვე, მოკვლევა სტამბების შესაძლებლობების. იმისთვის, რომ ადამიანთან აწარმოო მოლაპარაკება, შენ უნდა იცოდე, რა ღირს პროდუქტი. ჩვენ ინფორმაცია გვქონდა იმის შესახებ მხოლოდ, რა ფასში იყიდება პროდუქტი, მაგრამ რა ღირს პროდუქტი და მისი ცალკეული კომპონენტები, ამის თაობაზე 5 თვის განმავლობაში ვაყალიბებდით აზრს,”– განაცხადა მინისტრმა. 

 

გამომცემლობა “ინტელექტის” დამფუძნებლის  კახმედ კუდავას განცხადებით, რომელიც ასევე იყო გადაცემა “ბიზნესკურიერის” სტუმარი, სასკოლო სახელმძღვანელოების ბიზნესში არსებულ გამომცემლობებს შორის 5 გამომცემლობას აქვს საკუთარი სტამბა, მათ შორის “ინტელექტსაც”:

 

“არც ერთი ამ გამომცემლობების სტამბებისთვის შემოთავაზება არ ყოფილა და საერთოდ არ განხილულა ეს საკითხი,”– განაცხადა მან. 

 

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების ინიციატივის გამო 4 სტამბა გაერთიანდა. სამინისტრომ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ინფორმაცია 8 აპრილს გაავრცელა, თუმცა აღმოჩნდა, რომ სტამბები ამ ინფორმაციას ბევრად ადრე ფლობდნენ – 29 მარტს უკვე დარეგისტრირდა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება “გაერთიანებული ქართული სტამბა”.


შპს ფავორიტი პრინტი, შპს ფორმა, შპს სეზანი და შპს მვპ (24 საათის სტამბა) – ეს ის სტამბებია, რომლებიც გაერთიანდნენ ამ პროექტისთვის.

ირაკლი ლეჟავა, “24 საათის” სტამბის წარმომადგენელი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ სტამბების გაერთიანება პირდაპირ უკავშირდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივას.

 

ლეჟავა ამბობს, რომ განათლების სამინისტროს წარმომადგენელთან სტამბებს შეხვედრა 29 მარტამდე, დაახლოებით 2 კვირით ადრე ჰქონდათ. ლეჟავას თქმით, სამინისტრო მაშინ სტამბების ტექნიკური შესაძლებლობებით დაინტერესდა.

 

“მაშინ სამინისტროში გვითხრეს, რომ ასეთი ცვლილებაა მოსალოდნელი. სწორედ მაშინ გადაწყდა ჩვენი გაერთიანება. ჩვენ მივიღებთ ერთ შეკვეთას, თუმცა საქმიანობას ისევ ცალ-ცალკე გავაგრძელებთ. საჭიროების შემთხვევაში კი, ერთმანეთს დახმარებას გავუწევთ,”- ამბობს ირაკლი ლეჟავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი