ახალი ამბები

კონცერტი და საუნის დათვალიერება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კონფერენციის პროგრამაში

20 აპრილი, 2013 • 1550
კონცერტი და საუნის დათვალიერება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კონფერენციის პროგრამაში

კონფერენციის პროგრამა
კონფერენციის პროგრამა

ღონისძიების ორგანიზატორის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, სოზარ სუბარის მრჩევლის ლალი მოროშკინას თქმით, ქალთა პრობლემები ციხეში სერიოზული საკითხია და შესაბამისად არ შუქდება, სწორედ ამიტომ, მან მიიჩნია, რომ საჭიროა ამაზე ყურადღების გამახვილება. 

კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ: მინისტრი სოზარ სუბარი, ასევე, ლალი მოროშკინა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე მიხეილ ღურწკაია, მე-5 დაწესებულების დირექტორი სალომე ჯანელიძე.

კონფერენციის დასრულების შემდეგ პროგრამაში ”ბორჯომი პალასის” დათავლიერებაა გათვალისწინებული (სპა, საუნა, აუზი), დღის ბოლოს კი კონცერტი გაიმართება.

როგორც ლალი მოროშკინა ამბობს, სასტუმროს ხელმძღვანელობამ სამინისტროს საკონფერენციო დარბაზი უსასყიდლოდ დაუთმო.

”სასტუმრო ჯერ არ გახსნილა და გახსნის აღსანიშნავად იმართება პრეს-ტური და სასტუმრო მართავს კონცერტს. ეს არ არის სამინისტროს ბიუჯეტიდან დაფინანსებული. ჩვენ ვატარებთ სემინარს და ვბრუნდებით უკან”, – განუცხადა ”ნეტგაზეთს” მოროშკინამ. მისივე განმარტებით, ის მიესალმება, თუკი ბიზნესმენები მსგავსი კონფერენციებისთვის გამოყოფენ უფასო სივრცეს, რათა ”მუდამ არ ვიყოთ ჩამოკიდებული უცხოელი დონორების დაფინანსებაზე”.

როგორც მინისტრის მრჩეველი ამბობს, ახლა ტურისტული სეზონი არ არის, სასტუმროს კლიენტები არ ჰყავს, რის გამოც ”ბორჯომი პალასმა” მოახერხა მათთვის უსასყიდლო მასპინძლობის გაწევა.

”ბორჯომი პალასის” მენეჯერმა გიორგი პაპიაშვილმა ”ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ ახალგახსნილ სასტუმროში დღეს, 20 აპრილს, დაგეგმილია პრეს-ტური და ამ ღონისძიების ფარგლებში ისინი უფასოდ უთმობენ საკონფერენციო დარბაზს სასჯელაღსრულების სამინისტროს.

მისივე თქმით, სასტუმროს დაფინანსებით გაიმართება დღეს საღამოს კონფერენციის მონაწილეებისთვის კონცერტი:

“ვინ შეასრულებს სიმღერებს, ამ წუთას არ მაქვს ინფორმაცია იმიტომ, რომ შეიცვალა: ვისაც ველოდებოდით, არ მოდიან, მაგრამ სხვები მოდიან”.

კონფერენციის მონაწილეები ბორჯომიდან თბილისში ხვალ დაბრუნდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი