ახალი ამბები

პენსი: ტრამპის ადმინისტრაცია მკაცრ პასუხს გასცემს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის მსურველებს

1 აგვისტო, 2017 • 2462
პენსი: ტრამპის ადმინისტრაცია მკაცრ პასუხს გასცემს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის მსურველებს

„პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გზავნილია, რომ ჩვენ მხარს გიჭერთ, თქვენს გვერდით ვდგავართ“ – განაცხადა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა დღეს, პირველ აგვისტოს, გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს ყველას, ვისაც ექნება საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის სურვილი.

„ჩვენ გვსურს ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ ბოლო დიპლომატიური ნაბიჯები, რაც რუსეთმა გადადგა, სამწუხაროდ, საწინააღმდეგოზე მეტყველებს. ჩვენ გავაღრმავებთ საქართველოსთან ერთიერთობას, რათა საქართველომ შეძლოს რუსული აგრესიის გადატანა“ – განაცხადა პენსმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას ცხელ წერტილებში და განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და აშშ მზად არის, კიდევ უფრო დაუხლოვდეს საქართველოს და გაამყაროს ურთიერთობები, როგორც თავდაცვის და უსაფრთხოების, ასევე, ეკონომიკის სფეროში.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი ოფიციალური ვიზიტით თბილისში გუშინ, 31 ივლისს ჩამოვიდა.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოში 01.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოში 01.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი