ახალი ამბები

რა თემებზე ისაუბრებენ პენსის ვიზიტისას საქართველოში

31 ივლისი, 2017 • 2158
რა თემებზე ისაუბრებენ პენსის ვიზიტისას საქართველოში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსთან ქართული მხარე სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ისაუბრებს. სტრატეგიული პარტნიორობა შეეხება როგორც დემოკრატიისა და უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებს, ასევე, ეკონომიკურ ურთიერთობებსა და კულტურულ კავშირებს.

მინისტრის განცხადებით, ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი იმის დადასტურებაა, რომ აშშ საქართველოს ევროპაში მტკიცე პარტნიორად მიიჩნევს და თავადაც აგრძლებს მის მხარდაჭერას.

“ასევე ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი ევროპაში, საქართველოსთან ერთად, გაიმართა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ესტონეთი და მონტენეგრო. ეს ნიშნავს, რომ საქართველო აშშ-ისთვის აღიქმება, როგორც მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი.

აშშ ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ძირითადი გარანტი თავისუფლების, დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის, – აცხადებს ჯანელიძე.

აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ასევე აცხადებს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის არჩევიდან 6 თვის შემდეგ საქართველოში პენსის ვიზიტი მიუთითებს იმ მაღალ მნიშვნელობაზე, რომელსაც თავად აშშ ანიჭებს ამ შეხვედრას.

“მცოცავი, მიმდინარე ოკუპაციის საკითხი იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ჩვენ დავაყენებთ ამ შეხვედრისას, – აცხადებს ბაქრაძე.

ჯანელიძის განცხადებით, გარდა მაღალი დონის დიალოგისა, საქართველო და აშშ აგრძელებენ მუშაობას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ოთხივე მიმართულების ფარგლებში.

“განსაკუთრებით გამოვყოფდი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, სადაც ერთობლივი გეგმა შეთანხმდა მიმდინარე წელს და რომელიც გულისხმობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდას,” – განაცხადა მინისტრმა.

მიხელ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ აშშ-ის პოლიტიკური თუ ფინანსური მხარდაჭერა იყო გადამწყვეტი საქართველოს ჩამოყალიბებისათვის. დღემდე კი მხარდაჭერა გამოიხატება არა მხოლოდ ცალკეულ განცხადებებში, არამედ საკანონმდებლო აქტებში.

მინისტრის თქმით, აღნიშნული ვიზიტი ადასტურებს საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობას.

“უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიერ მიღწეული განსაკუთრებული პროგრესი ამ მიმართულებით არის საფუძველი ღრმა სტრატეგიული პარტნიორობის,”- ამბობს ჯანელიძე.

მაიკ პენსი საქართველოში დღეს, 19:00 საათზე ჩამოვა. ის შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტთან, პრემიერთან და დაესწრება ერთობლივ სამხედრო წვრთნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი