ახალი ამბები

კალაძე: ვიმუშავებთ თბილისის ღამის ცხოვრების განვითარებაზე

28 ივლისი, 2017 • 4964
კალაძე: ვიმუშავებთ თბილისის ღამის ცხოვრების განვითარებაზე

პარტია “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ არჩევის შემთხვევაში ის თბილისის ღამის ცხოვრების განვითარებისთვის იმუშავებს. კალაძე ამბობს, რომ საკითხი არა მხოლოდ ბიზნესისა და ტურიზმის კუთხით არის მნიშვნელოვანი, არამედ უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ხმაურისა და სიწყნარის ზონების გამიჯვნაა აუცილებელი:

“სიცოცხლით სავსე ქალაქი, ეს არის თბილისის ცხოვრება. მომავალში ჩვენ ვგეგმავთ წარმოვადგინოთ ჩვენი გეგმები იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ მომავალი წლების განმავლობაში. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება არის თბილისის ღამის ცხოვრების განვითარება. არ იფიქროთ, რომ ეს არის მხოლოდ გართობა ან დასვენება. პირიქით – ეს პირდაპირ კავშირშია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან და, რაც ყველაზე მთავარია, მნიშვნელოვანია ჩვენი სიცოცხლით, ენერგიით სავსე ახალგაზრდებისათვის ჩართულობის მხრივ. მე ნამდვილად მეამაყება და მიხარია ის, რომ ყოველწლიურად ტურისტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში იზრდება, თუმცა ასეთი პროექტების განხორციელებით უფრო მეტი ტურისტიმ უნდა მოვიზიდოთ, უფრო მიმზიდველი და საინტერესო უნდა გახდეს ჩვენი ქვეყანა და ქალაქი უცხოელებისათვის.

ჩვენ ტურისტული განვითარების მთლიან კონცეფციაში განვიხილავთ ერთ-ერთ მიმართულებად ღამის თბილისის განვითარებას და კეთილმოწყობას. ჩვენ ვთვლით, რომ ერთი მხრივ, ეს იქნება სტიმული დასვენების და ამ მიმართულებით ბიზნესის კეთების მსურველებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, ეს იქნება ღამის წესრიგის დამყარება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა თუ ხმაურისა და სიწყნარის ზონების გააზრებული გამიჯვნა და დაგეგმარება,” – აცხადებს კალაძე.

მერობის კანდიდატის თქმით, პროექტი მთლიანად იქნება ახალგაზრდულ ინტერესებზე მორგებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი