ახალი ამბები

გეწაძე: წინა წლებში ევროსასამართლოს 34 წლის ადამიანიც აურჩევია მოსამართლედ

25 ივლისი, 2017 • 1928
გეწაძე: წინა წლებში ევროსასამართლოს 34 წლის ადამიანიც აურჩევია მოსამართლედ

“ჩემი შეფასება არის წუხილი და გულისწყვეტა, თუმცა ყველაფერი იყო მოსალოდნელი, ამ პროცესში არავის არაფერი ჰქონია გარანტირებული”, – ასე ეხმაურება შოთა გეწაძე ექსპერტთა საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზეც საზოგადოებას ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა დღეს მიაწოდა.

“წინა წლებში ყოფილა შემთხვევები, როდესაც [ადამიანის უფლებათ] ევროპულ სასამართლოს მოსამართლედ 34, 35, 36 წლის ადამიანები აურჩევია, თუმცა, ეტყობა, ევროპულ სასამართლოში პრაქტიკა შეიცვალა და 25 წელი უკვე შეუსაბამოდ არის მიჩნეული”, – განუცხადა გეწაძემ ტელეკომპანია იმედს.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ევროსასამართლოში საქართველოდან მოსამართლეობის კონკურსს ლადო ჭანტურია გააგრძელებს. სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე კონკურსს გამოეთიშნენ.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ექსპერტ-მრჩეველთა კოლეგიამ , რომელიც მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებაზე მუშაობდა, შოთა გეწაძის შემთხვევაში ნაკლად კანდიდატის ახალგაზრდა ასაკი მიიჩნია. გეწაძე 35 წლისაა და მას 7-წლიანი სამოსამართლეო კარიერა აქვს. წულუკიანმა, კოლეგიის გადაწყვეტილების ახსნისას იმაზე მიუთითა, რომ ევროსასამართლოს ორგანოებმა 2009 წლიდან მოთხოვნები გაამკაცრა, თუმცა უკავშირდებოდა თუ არა ეს გამკაცრებული მოთხოვნები ასაკს, არ დაუკონკრეტებია.

“ქალბატონი სოფიო ჯაფარიძის შემთხვევაში ნათქვამია ის, რაც ჩვენ ყველამ ვიცით. კერძოდ ის, რომ მას აქვს ღირებული პროფესიული გამოცდილება, კარგი ცოდნა ადამიანის უფლებათა სამართალში. მაგრამ ქალბატონი სოფიოც გახლავთ 36 წლის და მიჩნეული იქნა, რომ მის პროფესიული გამოცდილების მასშტაბი და ხანგრძლივობა ამ ეტაპზე არის შედარებით ხანმოკლე”- განაცხადა წულუკიანმა დღეს, 25 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს მთავრობას უკვე მესამედ უწევს კონკურსის გამოცხადება სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად. პირველ ჯერზე სამკაციანი სიიდან (ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე და გიორგი ბადაშვილი) ექსპერტთა საბჭომ ერთი (ნანა მჭედლიძე) დაიწუნა, რომელიც ევა გოცირიძემ უკონკურსოდ ჩაანაცვლა. მოგვიანებით, 2017 წლის 24 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა სამივე კანდიდატი (ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე და გიორგი ბადაშვილი)  ჩააგდო. 2017 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ კონკურსის გზით შერჩეული კიდევ სამი ახალი კანდიდატი (ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) წარადგინა. ამჯერად სტრასბურგში ექსპერტთა საბჭომ სამიდან ორი კანდიდატი (სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) დაიწუნა. სწორედ ორ ახალ კანდიდატს ეძებს ამჯერად კონკურსის გზით საქართველოს მთავრობა.

სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს ეროვნულ დონეზე აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.

ეროვნულ დონეზე შესარჩევი პროცესის დასრულების შემდეგ კოალიციამ “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის”, რომელშიც 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია შედის, განაცხადა, რომ კანდიდატების შემრჩევმა კომისიამ ვერ უზრუნველყო სამართლიანი და გამჭვირვალე პროცედურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი