ახალი ამბები

დააკავეს თუ არა უკანონოდ სომხეთის მოქალაქე საქართველოში?

17 აპრილი, 2013 • • 956
დააკავეს თუ არა უკანონოდ სომხეთის მოქალაქე  საქართველოში?

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, თურქეთიდან საქართველოში ტრანზიტულად მიმავალი სომხეთის მოქალაქე შემოვიდა. მოქალაქეს საბაჟო დათვალიერების შედეგად ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი 180 აბი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი “ტრამადოლი” აღმოაჩნდა. შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით კრიმინალურ პოლიციას გადეცა.


დაკავებული აკოფ აკოფიანის შვილი, საფრანგეთში მცხოვრები ალინა აკოფიანი სომხეთის მედიასთან საუბარში ამბობს, რომ მის 62 წლის მამას ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს, თავის დროზე სამკურნალო კურსები საფრანგეთშიც აქვს გავლილი და ის პრეპარატი, რომელიც მას საქართველოს საზღვარზე აღმოუჩინეს, ექიმის რეცეპტით, ანუ კანონიერად აქვს შეძენილი:


“ამ პრეპარატის, “ტრამადოლის” შესაძენად, რომლის გამოც იგი საზღვარზე დააკავეს, საჭიროა შესაბამისი ნებართვა. თავდპირველად სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლებს არ სჯეროდათ, რომ ეს მისი წამალი იყო, შემდეგ კი უთხრეს, რომ მისი სჯერათ, მაგრამ დოკუმენტაცია გაყალბებულია. საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მამას არ ჰქონდა საქართველოს საზღვრის გავლით ამ პრეპარატების ტრანსპორტირების უფლება, რადგან ამას კანონი კრძალავს, მაგრამ კანონმდებლობის ერთ–ერთი პუნქტის მიხედვით, კანონის ძალა არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აქვს წამლის შეძენის ნებართვა… ჩვენ მათ საჭირო დოკუმენტაცია ფაქსითაც გადავუგზავნეთ, მაგრამ ეს მათთვის არაფერს ნიშნავს”.


აკოფიანის ნათესავები შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ხედავენ. მათი თქმით, მას ფეხი აქვს ამპუტირებული, გარდა ამისა, დაავადებულია დიაბეტით და კუჭ–ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემებიც აწუხებს. ალინა აკოფიანის ინფორმაციით, აკოფ აკოფიანი ამ დროისთვის ბათუმის ერთ–ერთ სასტუმროში იმყოფება სამართალდამცველების კონტროლის ქვეშ. დოკუმენტები ჩამორთმეული აქვს და მისი ოჯახის წევრები ნერვიულობენ, რომ ამ უკანსკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა ნებისმიერ დროს გაუარესდეს.


“სასწრაფოს გამოძახება უკვე რამდენჯერმე დასჭირდა…”, – ამბობს იგი.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ აკოფიანი დაკავებული არ ყოფილა და იგი ბოლო დღეების განმავლობაში ერთ–ერთ სასტუმროში იმყოფება. როგორც “ნეტგაზეთს” შს უწყების პრესცენტრში უთხრეს, აკოფიანს საზღვარზე არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მას ეს პრეპარატები ლიცენზირებულად ჰქონდა შეძენილი. მას 180 აბი არც იმ დეკლარაციაში ჰქონდა მითითებული, რომლის საფუძველზეც საზღვარი გადმოკვეთა. ეს ყველფერი კი სატრანზიტო წესების დარღვევაა.


შს უწყებაში აღნიშნავენ, რომ მას არა მხოლოდ სომხეთის, არამედ საფრანგეთის რესპუბლიკის პასპორტიც გააჩნია და ორმაგ მოქალაქეობას ფლობს. საქმეში ჩაერთო საფრანგეთის საკონსულოც. გამოძიების დაწყების შემდეგ აკოფიანის მხარემ საქართველოს შესაბამის უწყებებს გადმოუგზავნა დოკუმენტები, რომ მას ეს აბები პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა.


შსს–ში ვარაუდოებენ, რომ აკოფიანი პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებას გააფორმებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი