ახალი ამბები

სტამბები განათლების სამინისტროს პასუხის მოლოდინში

16 აპრილი, 2013 •
სტამბები განათლების სამინისტროს პასუხის მოლოდინში

ლევან ფოფხაძე, გამომცემლობა “საქართველოს მაცნეს” ხელმძღვანელი ამბობს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 18 აპრილს არის დაბარებული.

 

“თავიდან სამინისტრო დამიკავშირდა, მკითხეს, რა რაოდენობის წიგნების დაბეჭდვას შევძლებდი. ვთხოვე, რომ ჩემი წიგნები მე თავად დავბეჭდო. მითხრეს, ცოტა ხანი გვაცადე და პასუხს რამდენიმე დღეში გეტყვითო. ზეგ ვარ დაბარებული. ვნახოთ,”- ამბობს ლევან ფოფხაძე.

 

გამომცემლობისა და სტამბა “მერიდიანის” წარმომადგენელი კახაბერ რუსიძეც განათლების სამინისტროს პასუხის მოლოდინშია.

 

“მე არ დავუბარებივარ. მაგრამ იმედი მაქვს, მეც მომცემენ ბეჭდვის უფლებას. მუდამ ბეჭდავდა ჩვენი სტამბა სასკოლო სახელმძღვანელოებს,”- აცხადებს რუსიძე.

 

ორივე სტამბის წარმომადგენლისთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების დასაბჭდად 29 მარტს 4 სტამბა გაერთიანდა.

 

განათლების სამინისტროს სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების ინიციატივის გამო 4 სტამბა გაერთიანდა. შპს ფავორიტი პრინტი (40%), შპს ფორმა (7%), შპს სეზანი (16%) და შპს მვპ ( 37%) (24 საათის სტამბა) – ეს ის სტამბებია, რომლებიც გაერთიანდნენ ამ პროექტისთვის.

 

ირაკლი ლეჟავა, “24 საათის” სტამბის წარმომადგენელი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ სტამბების გაერთიანება პირდაპირ უკავშირდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივას.

 

სამინისტრო აცხადებს, რომ სტამბა, რომელიც სახელმძღვანელოებს დაბჭდავს, ჯერ არ გამოუვლენია.

მასალების გადაბეჭდვის წესი