ახალი ამბები

სააკაშვილს სასამართლოების შესახებ კანონისთვის ხელი ჯერ არ მოუწერია

16 აპრილი, 2013 • • 970
სააკაშვილს სასამართლოების შესახებ კანონისთვის  ხელი ჯერ არ მოუწერია

როგორც ცნობილია, “საერთო სასამართლოების შესახებ” საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის არსებული სადავო კანონი პარლამენტმა მიმდინარე თვის დასაწყისში დაამტკიცა მესამე მოსმენით. იმისათვის, რომ დოკუმენტი ძალაში შევიდეს, მას პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი, თუმცა არსებობს სხვა მექანიზმიც.


“პრეიზდენტს ჯერ ხელი არ მოუწერია და ამისათვის ბოლო ვადა არის 25 აპრილი. 25 აპრილამდე მან ან ხელი უნდა მოაწეროს, ან უნდა დაუბრუნოს პარლამენტს თავიდან განსახილველად, ანუ გამოიყენოს ვეტოს უფლება. თუ იგი არც ვეტოს გამოიყენებს და არც ხელს მოაწერს, მაშინ მას [კანონს] ხელს პარლამენტის თავმდჯომარე მოაწერს და გამოაქვეყნებს, რადგან თავმდჯომარეს ეს უფლებამოსილება მიენიჭება”, – აცხადებს ხმალაძე და დასძენს, რომ თუ პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს, მაშინ პარლამენტმა მისი წინადადება უნდა განიხილოს და თუ მის მოსაზრებებს არ გაითვალისწინებს, დოკუმენტის პირვანდელ რედაქციას უნდა უყაროს კენჭი.


დეპუტატი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი კანონს ვეტოს დაადებს, საპარლამენტო უმრავლესობა მისი დაძლევის პროცედურებს დაიწყებს. ვეტოს დასაძლევად კოალიცია “ქართული ოცნების” დეპუტაციას კენჭისყრაზე დაახლოებით 90 ხმა დასჭირდება.


შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით 5 აპრილს დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო უმცირესობამ.

 

“ამის უკან სხვა მოტივი რეალურად არ დგას. თუკი ადრე ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ჩვენი ხელისუფლება რაღაცნაირად ზეგავლენას ახდენდა სასამართლოზე. ყველა ის ბერკეტი, რომელიც შეიძლება ამისთვის გამოყენებული ყოფილიყო, არის უკვე დაკარგული და ამჟამინდელი ხელისუფლების ხელში ჩვენი მხრიდან ვერანაირი კონტროლი ვერ იქნება, მაგრამ ახალ ხელისუფლებას სურს, რომ ყველა ბერკეტი გამოიყენოს, რათა სასამართლოზე ზეწოლა მოახდინოს”, – აცხადებს საპარლამენტო უმცირეოსობის წევრი გიორგი ბარამიძე, რომლის თქმითაც, პრეზიდენტმა ამ კანონს ვეტო უნდა დაადოს.

 

საკნონმდებლო ცვლილებების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად პარლამენტის კვოტით ასარჩევად კანდიდატებს დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერა დაჭირდება.

 

პარლამენტი ფარული კენჭისყრით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვს წევრს აირჩევს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მეცნიერი იურისტებისგან, ადვოკატთა ასოციაციის წევრების ან არასამეწარმეო იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან შეირჩევა.

 

ცვლილებების მიხედვით, თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს კენჭისყრის მეორე ტური გაიმართება, რომელშიც კენჭი დარჩენილთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს ეყრება, რომელთა რაოდენობაც ვაკანტურ ადგილებზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს.

 

ამას გარდა, თუ კენჭისყრის მეორე ტურის გამართვის შედეგად კვლავ ვერ შეივსო ყველა ვაკანსია, ორი დღის შემდეგ კენჭისყრის მესამე ტური გაიმართება, რომელშიც კენჭი დარჩენილთაგან მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს ეყრება და არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან ზემოთ აღნიშნული წესის შესაბამისად.

 

ცვლილებების მიხედვით, თუ კენჭისყრის სამივე ტურის შემდეგ შეუვსებელი ვაკანსია დარჩება, 70 კალენდარული დღის ვადაში ხელახალი არჩევნები გაიმართება.

 

მოსამართლეთა კონფერენცია საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების გარეშე უზრუნველყოფს. პროექტის გათვალისწინებით, კანდიდატურის დასახელება მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს შეუძლია. ამავე პაკეტით სიახლეა ისიც, რომ კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრი, რომელიმე სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე, თუ ბოლო ორი თანამდებობა მას კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეობის გამო არ უკავია. კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეებისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი ადგილია გათვალისწინებული.

 

საკანონმდებლო ცვლილებებს წინ უძღვოდა კონსულტაციები უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, თუმცა საბოლოოდ მათ შორის შეთანხმება მაინც ვერ მოხერხდა.


ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს უფლების გამოყენებას. “ნეტგაზეთმა” მის პრესსპიკერთან, მანანა მანჯგალაძესთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი