ახალი ამბები

“ევროპული საქართველოს” მსვლელობის გამო, “ქართული მარშის” ნაწილი დაშლას არ გეგმავს

23 ივლისი, 2017 • 2407
“ევროპული საქართველოს” მსვლელობის გამო, “ქართული მარშის” ნაწილი დაშლას არ გეგმავს

ე.წ. ქართული მარშის ერთი ნაწილი, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე შეიკრიბა, დაშლას არ გეგმავს. ისინი აცხადებენ, რომ თუ პარტია “ევროპული საქართველო” გაითვალისწინებს პატრიარქის თხოვნას და გამზირზე მსვლელობას არ მოაწყობს, ისინი ამ შემთხვევაში აღარ გამართავენ აქციას. ქსენოფობიური მოძრაობის დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ დღეს აქციას არ შეუერთდება.

“თუ ის მხარე დაემორჩილება პატრიარქის კურთხევას, ეს მათი მხრიდან, სინანულის ნაბიჯადაც შეიძლება აღვიქვათ. მაგრამ თუ ისინი არ ემორჩილებიან, რომლებიც ჩვენ გვტანჯავდნენ, გვირტყამდნენ, გვაწამებდნენ, გვიჭერდნენ, გვკლავდნენ და დღეს კიდევ აქ ნიშნისმოგებით ჩაივლიან, აქ შეკრებილ მოქალაქეებს – არა ორგანიზებულად, არამედ ინდივიდუალურად- სრული უფლება აქვთ, რაც მათ უკეუთვნით, პირში მიახალონ,” – აცხადებს ზაზა დავითაია, ერთ-ერთი ორგანიზატორი.

20:00 საათზე, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე “ევროპულ საქართველოს” უკვე რამდენიმე დღეა დაანონსებული აქვს აქცია-მსვლელობა, სახელწოდებით “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში”, რომლის მიზანია რამდენიმე დღის წინ ე.წ. ქართული მარშის წევრების მიერ გაკეთებული ქსენოფობიური და ფაშისტური განცხადებების დაგმობა. ამის საპასუხოდ 20 ივლისს “ქართული მარშის” ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინიც გამართავენ იმავე ადგილზე კონტრაქციას.

ე.წ. ქართული მარშის ერთი-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ აქციმდე სულ ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ ის აღარ გაიმართებოდა. აქციის დაწყებამდე ერთი საათით ადრე საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც “ევროპულ საქართველოს” და “ქართულ მარშს” დღეს, 23 ივლისს დაგეგმილი აქციების გაუქმებისკენ მოუწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი