ახალი ამბები

მუხთარლის ადვოკატი: შსს ამბობს, რომ საზღვარზე განთავსებული კამერები დაზიანებული იყო

21 ივლისი, 2017 • 3647
მუხთარლის ადვოკატი: შსს ამბობს, რომ საზღვარზე განთავსებული კამერები დაზიანებული იყო

აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები არ დევს.

ადვოკატის თქმით, შსს-მ ოფიციალურად აცნობა, რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არსებული კამერების ჩამწერი მოწყობილობა დაზიანებული იყო.

გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, საქმეში ასევე არ დევს ნიაღვარის ქუჩიდან კახეთის მიმართულებით არსებული არც ერთი კამერის ჩანაწერი. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ამ გზით გაიტაცეს მუხთარლი საქართველოდან აზერბაიჯანში. ამ შემთხვევაში, ადვოკატის თქმით, გამოძიება აცხადებს, რომ ყველა ეს კამერა ზუსტად დანაშაულის დროს იყო გამორთული. ადვოკატმა ზუსტად არ იცის, სულ რამდენია ასეთი კამერა, თუმცა მიახლოებით 20-ს ასახელებს.

გუშინ გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებას მუხთარლის საქმეზე შუალედური ინფორმაცია მიაწოდა.

მინისტრის თქმით, ამოღებული და დათვალიერებულია 46 კამერის ვიდეოჩანაწერი, მათ შორის, 10 ობიექტიდან, რომლებიც კოლმეურნეობის მოედანზე მდებარეობს. ასევე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაათვალიერეს 19 კამერის ვიდეოჩანაწერი. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე, N2-ში მდებარე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ობიექტის ვიდეოჩანაწერში ფიქსირდება, რომ პიროვნება თეთრი ფერის მაისურით, სავარაუდოდ, აფგან მუხტარლი N4 მიკროავტობუსში ჯდება.

არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, საქმეში მხოლოდ ორი ადგილიდან ამოღებული ჩანაწერები დევს, კოლმეურნეობის მოედნიდან, საიდანაც ჩანს,  როგორ ჯდება მუხთარლი სამარშრუტო ტაქსში, და ნიაღვარის ქუჩის მიმდებარე ქუჩებიდან.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის ცნობით, მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით 19 ივლისს ევროსასამართლოში განაცხადი შეიტანეს. მუხთარლი საქართველოსა და აზერბაიჯანს ევროკონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევას ედავება.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე მთავარმა პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა და უწყებას  20 ივლისს გადაეცა.

მანამდე კი საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გამართა ბრიფინგი, სადაც გამოძიების შუალედური ანგარიში წარადგინა და განაცხადა, რომ მუხთარლის საქმის გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან არიან დათხოვნილი შსს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით ნიკოლეიშვილი და სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი ოთარ კუპრაშვილი, ვინაიდან, მინისტრის თქმით, მუხთარლის მიერ “საზღვრის კვეთა მოხდა გაურკვეველ ვითარებაში”.

აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 29 მაისს გაუჩინარდა, ხოლო გამოძიება შსს-მ დაიწყო 30 მაისს, მუხთარლის ცოლის, ლეილა მუსტაფაევას განცხადების საფუძველზე. მუხთარლი ამბობს, რომ ის თბილისიდან გაიტაცეს ადამიანებმა, რომლებსაც ეცვათ საქართველოს შსს კრიმინალური პოლიციის ფორმები. მისი თქმით, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ისე გადაიყვანეს აზერბაიჯანის საზღვარზე, სადაც დააპატიმრეს. აზერბაიჯანის საგამოძიებო უწყების ცნობით, მუხთარლიმ თვითონ გადაკვეთა საზღვარი, სადაც ის დააკავეს კონტრაბანდული ფულის გადატანის ბრალდებით.

მუხთარლის დაკავებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. მუხთარლის საქმის გამოძიებას პროკურატურის მიერ ითხოვდა დაკავებულის ოჯახი, თუმცა პროკურატურამ ეს საქმე მუხთარლის გატაცებიდან 1.5 თვის შემდეგ გადაიბარა. გუშინ, 19 ივლისს მუხთარლის ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი