ახალი ამბები

23 ივლისს “ქართული მარში” ფაშიზმის წინააღმდეგ აქციის კონტრაქციას გამართავს

20 ივლისი, 2017 • 5001
23 ივლისს “ქართული მარში” ფაშიზმის წინააღმდეგ აქციის კონტრაქციას გამართავს

23 ივლისს, 20:00 საათზე, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე “ევროპულ საქართველოს” უკვე რამდენიმე დღეა დაანონსებული აქვს აქცია-მსვლელობა, სახელწოდებით “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში”, რომლის მიზანია რამდენიმე დღის წინ თბილისში ჩატარებული ქსენოფობიური აქცია-მსვლელობის  და მისი ორგანიზატორების მიერ გაკეთებული ქსენოფობიური და ფაშისტური განცხადებების დაგმობა.

ამის საპასუხოდ დღეს ე.წ. ქართული მარშის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინიც გამართავენ იმავე ადგილზე კონტრაქციას. მარშის მონაწილეები 19:00 საათზე შეიკრიბებიან აღმაშენებლის გამზირზე მდებარე რკინიგზელთა სახლთან.

“SOS!!! SOS!!! SOS!!! გაიზიარეთ ყველამ!!!გადაწყდა!!!! 23 ივლისს, 19:00 -ზე მთელი საქართველო ვიკრიბებით ბოკერიას და მისი თანამოაზრეების დასახვედრად!!! 23 ივლისსი თანამედროვე დიდიგორის ბრძოლაა!!! P.S გიგა ბოკერია, შენ თუ 23 ივლისს აღმაშენებელზე გაიარო …. მე ვიყო მიშა სააკაშვილი”, – წერს აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი კონსტანტინე მორგოშია ფეისბუკში.

ე.წ. ქართლი მარში თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე 14 ივლისს გაიმართა, რომლის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ საქართველო დატოვონ არალეგალურმა მიგრანტებმა უცხო ქვეყნებიდან. აქციის ორგანიზატორები მიმართავდნენ ქსენოფობიურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს. მათი რამდენიმე წევრი, მათ შორის გია კორკოტაშვილი, დღეს პოლიციაში გამოკითხეს, ვინაიდან ფეისბუკში გაუპატიურებით დაემუქრნენ თათია დოლიძეს, რომელმაც ისინი ასევე ფეისბუკში გააკრიტიკა. ამასთან დაკავშირებით 19 ივლისს თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ქალთა სოლიდარობის აქცია გაიმართა, სადაც მოითხოვეს გაუპატიურების მუქარის შემცველი განცხადებების ავტორების დასჯა.

მუქარის შესახებ დღეს საჯარო განცხადება გააკეთა ევროპული საქართველოს ლიდერმა ელენე ხოშტარიამაც. ბრიფინგზე წარმოადგინეს ფეისბუკიდან სქრინები, რომელშიც ასახულია, თუ როგორ ემუქრება ზაზა გაბედავა პარტიის წარმომადგენელ თამარ კაკაბაძეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი