ახალი ამბები

სამართლებრივი ბერკეტები, რაც მუსტაფა ემრე ჩაბუქს თურქეთში ექსტრადიციისგან დაიცავს

20 ივლისი, 2017 • 1589
სამართლებრივი ბერკეტები, რაც მუსტაფა ემრე ჩაბუქს თურქეთში ექსტრადიციისგან დაიცავს

თბილისში დაკავებული თურქეთის მოქალაქის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადაციის შეჩერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი ევროსასამართლოა. ჩაბუქის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი განმარტავს იმ სამართლებრივ საფეხურებს, რომლებიც მას შემდეგ უნდა გატარდეს, რაც ჩაბუქს და მის ოჯახს ლტოლვითა და განსახლების სამინისტრომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. მისი დაკავების მიზეზი თურქეთის მხარის მოთხოვნაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით ადრე უსწრებდა თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები იქნა განხილული.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჩაბუქი და მისი ოჯახი ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებს. გადაწვეტილებას სამინისტრო იმითაც ასაბუთებს, რომ თურქეთში ჩაბუქს ან მის ოჯახს სასამართლოს მხრიდან დისკრიმინაციული ხასიათის მოპყრობა არ ემუქრება, თურქეთის ციხეებში კი არასათანადო მოყრობის ფაქტებს ადგილი აღარ აქვს. სამინისტრო თვლის, რომ ჩაბუქი და მისი ოჯახი ვერ აკმაყოფილებენ ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძველს და მიიჩნევს, რომ თურქეთში ექსტრადიციის შემთხვევაში დაცული იქნება მათი უფლებები.

დაცვის მხარეს სამინისტროს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ვადა 17 აგვისტომდე აქვს. როგორც ადვოკატი სოსო ბარათაშვილი განმარტავს, ამ ეტაპზე სარჩელს თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარსადგენად ამზადებენ. თუ საქალაქო სასამართლო სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, ამის გასაჩივრება დაცვის მხარეს სააპელაციო სასამართლოში შეეძლება.

იმ შემთხვევაში კი, თუ უკვე სააპელაციო სასამართლო დატოვებს ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, პროკურატურას უკვე შეეძლება დაიწყოს პროცედურები ექსტრადიციის თაობაზე. ეს ნიშნავს, რომ პროკურატურა სასამართლოში შეიტანს სარჩელს და მოითხოვს, რომ იუსტიციის მინისტრს დაერთოს ნება, ექსტრადიციის თაობაზე განკარგულება გასცეს. თუ სასამართლო პროკურატურის ამ სარჩელს დააკმაყოფილებს, დაცვის მხარეს რჩება შვიდდღიანი ვადა, ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს, ამ შემთხვევაში უკვე ამოვარდნილია სააპელაციო სასამართლოს რგოლი. ამავე 7 დღეში დაცვის მხარემ უნდა მიმართოს ევროპულ სასამართლოს ექსტრადირების შეჩერების მოთხოვნით, 39-ე მუხლის საფუძვლეზე. ამავე მუხლის საფუძველზე შეჩერდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება:

“39-ე მუხლი თავდაპირველად გამიზნული იყო ექსტრადიციის საქმეებზე, შემდეგ გაავრცელეს ჯანმრთელობის დაცვაზეც და გაავრცელეს საკუთრების დავაზეც, “რუსთავი 2″-ის საქმეზე. თუ ექსტრადიცია შეჩერდება, შემდეგ, ვიდრე საქმის არსებითი განხილვა არ დამთავრდება ევროპულ სასამართლოში, შეჩერებული იქნება. 9 თვის გასვლის შემდეგ საექსტრადაციო პატიმრობის უფლება არ აქვს საქართველოს. შემდეგ უნდა ვეცადოთ ან ლტოლვილის სტატუსი მიიღოს სხვა ქვეყანაში, ან მოქალაქეობა საქართველოში”,- ამბობს სოსო ბარათაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი