ახალი ამბები

ყოფილ “ზაკვოს” შენობის ტერიტორიაზე კარვის დაშლის გამო ქალბატონმა თავის დაზიანება სცადა

14 აპრილი, 2013 • • 1031
ყოფილ “ზაკვოს” შენობის ტერიტორიაზე კარვის დაშლის გამო ქალბატონმა თავის დაზიანება სცადა

აღნიშნულის გამო საკუთარი თავის დაზიანება სცადა ერთ–ერთმა ქალბატონმა.  მას დახმარება სასწრაფოს ექიმებმა აღმოუჩინეს:

 

“თვითდაზიანების მცდელობა ჰქონია, პატრულის გადმოცემით, მე არ შევსწრებივარ ამ ფაქტს, პირველადი დახმარება გავუწიეთ, დამამშვიდებელი მივეცით. სხვა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ის არ საჭიროებდს და არც ჰოსპიტალიზაციას” – განაცხადა სასწრაფოს ექიმმა. 

 

შეგახსენებთ, რომ  10 მარტს ყოფილ “ზაკვოს” შენობაში მყოფი ადამიანების ნაწილი შენობის მიღმა დარჩა. როგორც გარეთ დარჩენილი პირები აცხადებენ, 9 მარტს,  საღამოს “თი ბი სი” ბანკმა შენობაში დაცვა დააყენა და ვინც იმ ღამით არ იმყოფებოდა შენობაში, დილით აღარ შეუშვა. ხოლო მათ, ვინც ღამე შენობაში გაათენეს, პირადობის მოწმობის ჩვენების შემდეგ შესაძლებლობა აქვთ, შევიდნენ ან დატოვონ შენობა. 

 

გარეთ დარჩენილი პირები აცხადებენ, რომ ზოგი მათგანი ღამით მუშაობდა, ზოგმა ექიმთან აუცილებელი ვიზიტის გამო დატოვა გვიან ღამით შენობა, ნაწილი აცხადებს, რომ პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით წავიდნენ წინა საღამოს.

 

“თუ ადამიანი ღამე რჩება ასეთ პირობებში, ეს ნიშნავს, რომ ის მართლაც გაჭირვებულია და ჩვენ მათ ხელს არანაირად არ ვუშლით. იმ ადამიანებს, რომლებიც ღამით აქ არ არიან, ეს ნიშნავს, რომ მათ სადღაც დასარჩენი გააჩნიათ, ამიტომაც ჩვენ ამ ხალხს ვერ შევუშვებთ, რადგან მათ პრაქტიკულად გააჩნიათ საცხოვრისი, რადგან ისინი ღამით აქ არ იმყოფებოდნენ”– განუცხადა “ნეტგაზეთს” ვანო ბალიაშვილმა, ბანკის გენერალური დირექტორის მოადგლემ. 

 

“ყველა ერთსა და იმავეს ამბობს, რომ გავედი დასაბანად, ან გავედი წამლის საყიდლად, არ შეიძლება 30 კაცს ერთდროულად ჰქონდეს წამლის ყიდვის საჭიროება, ჩვენ სხვა შანსი არ გვქონდა.  აქ დილას შეიძლება მოვიდეს  150 ადამიანი და თქვას, რომ ჩვენ ყველა აქ ვცხოვრობთ. როგორ გავაკონტროლოთ, თუ არ ვნახავთ ღამე, როცა ძილის დროა, რეალურად ვინ არის შენობაში. ამიტომ ავიღეთ ერთი დღე, დავაყენეთ დაცვა და ახლა ყველა შედის რეგისტრაციის მიხედვით. ვინც იყო შენობაში, ჩვეულებრივად შედიან და გამოდიან” – განაცხადა თამარ კირვალიძემ, ბანკის მედიაკომუნიკაციების დირექტორმა. 

 

 “თიბისი ბანკამა” პრესისთვის ინფორმაციაც გაავრცელა:

 

“უკვე 5 თვეა, ყოფილ “ზაკვოს” შენობაში, რომელიც თიბისი ბანკის საკუთრებას წარმოადგენს, უკანონოდ არის შეჭრილი ადამიანთა ჯგუფი, რის შესახებაც ბანკის მიერ თავიდანვე მყისიერად იქნა ინფორმირებული შსს და სხვა შესაბამისი უწყებები. 

 

აღნიშნულ შენობაში არ არსებობს ცხოვრებისთვის აუცილებელი არანაირი პირობა: არ არის დენი, კანალიზაცია, წყალი, გაზი, ღია მდგომარეობაშია ლიფტის შახტები. 

 

ამ ხნის განმავლობაში კრიტიკულ ზღვარს მიაღწია შენობაში შექმნილმა ეპიდემიოლოგიურ–სანიტარულმა მდგომარეობამ. ჩატარდა კომპეტენტური სანიტარული ექსპერტიზა, რომლის დასკვნაში ნათქვამია, რომ არსებობს ეპიდემიის აფეთქების საფრთხე და შენობაში ყოფნა ჯანმრთელობისთვის ძალზე საშიშია. 

 

გარდა ამისა, ხშირია ლოთობის, ნარკომანიის, პროსტიტუციის, ურთიერთოკონფლიქტების შემთხვევები: შენობაში პრაქტიკულად შექმნილია უკონტროლო ვითარება.

 

ამ ხნის მანძილზე სახელმწიფო ორგანოების მიერ რამდენიმეჯერ ჩატარდა შენობაში შეჭრილი პირების აღწერა, რომლის შედეგადაც დაფიქსირდა გაცილებით ნაკლები რაოდენობის ოჯახი, ვიდრე ამას თავად ადამიანები აცხადებენ. 

 

ეს ნიშნავს, რომ იმ ადამიანებს, ვინც ღამით არ რჩებიან შენობაში და სიებში აფიქსირებენ თავს უსახლკაროდ, სინამდვილეში არაკეთილსინდისიერად, მხოლოდ  გამორჩენის მიზნით ხანდახან მოდიან შენობაში დღის საათებში. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ბევრ მათგანს არ გააჩნია არც დევნილების და არც სოციალურად დაუცველის სტატუსი.

 

შსს–ს მიერ აღძრულია სისიხლის სამართლის საქმე კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეჭრის ფაქტზე და მიმდინარეობს გამოძიება. 

 

ერთი მხრივ, ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ ამ ხალხის გაჭირვებას, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ 5 თვის განმავლობაში ჩვენ საშუალება მივეცით მათ ყოფილიყვნენ შენობაში, ხოლო, მეორე მხრივ, ეს შენობა არის კერძო საკუთრება, რომლის ხელშეუხებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და ბანკს გააჩნია  საკუთარი გეგმები მასში სათაო ოფისის განთავსების მიზნით. 

 

ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება კერძო დაცვის სამსახურის დაქირავების შესახებ, რომელიც დადგება შენობის შესასვლელში და აღკვეთს შენობაში ხალხის უკონტროლოდ მიმოსვლას. 

 

ამავდროულად, ეს ღონისძიება შეამცირებს შენობაში ნარკომანიის, ლოთობის, კონფლიქტური სიტუაციების შესაძლებლობას. 

 

ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ის პირები, რომლებიც შენობაში ღამეს ათევდნენ და ეს თავისთავად მიანიშნებს მათ უკიდურეს გაჭირვებაზე, შეძლებენ შეუფერხებლად შესვლას, პირადობის და სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. – ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ  ინფორმაციაში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი