ახალი ამბები

პოლიციასთან დაპირისპირება ბართან მოქალაქის ნარკოტიკებზე ჩხრეკის გამო

18 ივლისი, 2017 • 3331
პოლიციასთან დაპირისპირება ბართან მოქალაქის ნარკოტიკებზე ჩხრეკის გამო

გიორგი გიორგიძეს, რომელიც სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების ქონის გამო 17 ივლისს, გვიან ღამით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, უკვე გაათავისუფლეს. მისი ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულისგან ამოღებულ თეთრი ფერის ფხვნილში ნარკოტიკული ნივთიერება არ აღმოჩნდა.

გიორგი გიორგიძე ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბარ “კანუდოსთან” ოპერატიული შეტყობინების საფუძველზე პოლიციის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს, რასაც იქ შეკრებილთა პროტესტი მოჰყვა. ადგილზე მყოფები ეჭვობდნენ, რომ პოლიცია გიორგიძისთვის ნარკოტიკების “ჩადებას” ცდილობდა.

გიორგი გიორგიძეს თან აღმოაჩნდა თეთრი ფერის ფხვნილი, რომელიც დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, დამამშვიდებელი საშუალება “ქსანაქსი” იყო. გიორგაძე დააკავეს, ხოლო ნივთიერება ექსპერტიზისთვის გაგზავნეს. საქმე სსკ-ის 260-ე მუხლით აღიძრა.

დაკავებულის ადვოკატი გიორგი მახარაძე აცხადებს, რომ ამოღებული ნივთიერება მხოლოდ დამამშვიდებელი საშუალებაა, რომელიც სააფთიაქო ქსელში თავისუფლად იყიდება, ამიტომ დარწმუნებული იყო, რომ ექსპერტიზის შედეგების მიღების შემდეგ გიორგაძეს დღესვე გაათავისუფლებდნენ.

“ჩაატარეს პირადი ჩხრეკა და ამოიღეს თეთრი ფხვნილი, რომელიც განმარტა დაკავებულმა, რომ არის “ქსანაქსი”. ის არ არის აკრძალული ნივთიერება და ნარკოტიკი, თუმცა გადასამოწმებლად ნივთიერება გადაგზავნილია ექსპერტიზაზე და გიორგი გიორგიძე დააკავეს ბრალდებულის სახით,” – ამბობს მახარაძე.

ადვოკატის ინფორმაციით, ჩხრეკისა და დაკავების პროცესი წესის დაცვით წარიმართა. თუმცა ცხრეკის დროს მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება ადგილზე მყოფი მოქალაქეების ჯგუფსა და პოლიციელებს შორის. მოძრაობა “თეთრი ხმაურის” აქტივისტები და გიორგიძის მეგობრები ფიქრობდნენ, რომ სამართალდამცავები გიორგი გიორგიძისთვის ნარკოტიკული ნივთიერების “ჩადებას” ცდილობდნენ და მის ჩხრეკას აპროტესტებდნენ. “თეთრი ხმაურის” ინფორმაციით, გიორგიძე საკუთარი მოპედიდან ჩამოსვეს და მისი ჩხრეკა დაიწყეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი