ახალი ამბები

არასამთავრობოები: სასწრაფოდ უნდა გაიხსნას ICC-ის ადგილობრივი ოფისი საქართველოში

17 ივლისი, 2017 • 1861
არასამთავრობოები: სასწრაფოდ უნდა გაიხსნას ICC-ის ადგილობრივი ოფისი საქართველოში

დღეს, 17 ივლისს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც მიმართეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) და ადგილობრივი ოფისის გახსნის შეყოვნებასთან დაკავშირებით წუხილი გამოხატეს.

17 ივლისი რომის სტატუტის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC), დამფუძნებელი დოკუმენტის მიღების დღეა. ICC მიზნად ისახავს განსაკუთრებით მძიმე საერთაშორისო დანაშაულებისათვის (გენოციდი, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და ომის დანაშაული) პასუხისმგებელი პირების დასჯას.

2016 წლის იანვარში ICC-ის მოსამართლეებმა ნება დართეს პროკურორს, ჩაეტარებინა გამოძიება იმ სავარაუდო დანაშაულებზე, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იყო ჩადენილი. გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა საქართველოში ამ დრომდე არ გახსნილა ICC-ის ადვილობრივი ოფისი და არც მისი გახსნის ვადები არის ცნობილი.

“ICC-ის ადგილობრივი ოფისი უნდა წარმოადგენდეს ქვაკუთხედს საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებისათვის დაზარალებულთა და საზოგადოების სხვა ჯგუფებისათვის. ისევე, როგორც სასამართლოს ცნობიერების ამაღლებისათვის ადგილობრივი და რეგიონალური კონტექსტის შესახებ, რის გარეშეც სასამართლო ეფექტურად ვერ განახორციელებს საკუთარ ვალდებულებებს. აღნიშნული ოფისი ასევე უნდა იყოს ადგილი, სადაც დაზარალებულები წარუდგენენ თავიანთ მოსაზრებებს სასამართლოს, რაც შესაძლებლობას მისცემს სასამართლოს, მოახდინოს აღნიშნული მოსაზრებებისა და უკუკავშირის ინტეგრაცია საკუთარ აქტივობებში.

გვსურს, გამოვხატოთ წუხილი ადგილობრივი ოფისის გახსნის შეყოვნებასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ ICC-ის რეგისტრს, მაქსიმალურად მიმართოს რესურსები ადგილობრივი ოფისის გასახსნელად და დააჩქაროს აღნიშნული პროცესი, რათა ოფისი ამოქმედდეს მომავალი თვეების განმავლობაში,”- აცხადებენ ორგანიზაციები.

ორგანიზაციებმა ასევე გამოაქვეყნეს რეკომენდაციები ICC-ის მიმართ:

– სასწრაფოდ გაიხსნას ICC-ის ადგილობრივი ოფისი საქართველოში, რომელიც შეასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

– იქნება ქვაკუთხედი სასამართლოს ცნობიერების ამაღლებისა და საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების განხორციელებისათვის;

– გაზრდის სასამართლოს ცნობიერებას ადგილობრივი და რეგიონალური კონტექსტის შესახებ;

– მოამზადებს ფუნდამენტს მსხვერპლთა ნდობის ფონდის (TFV) დახმარების მანდატის დასაწყებად;

– დაეხმარება პროკურორის ოფისს (OTP) ადგილზე მისი მოვალეობების განსახორციელებლად;

– იმოქმედებს, როგორც სასამართლოს წარმომადგენელი ადგილზე და ითანამშრომლებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, საერთაშორისო დონორებთან და დიპლომატიურ კორპუსთან;

– მიიღებს უკუკავშირს დაზარალებულებისაგან და მოახდენს მათი მოსაზრებების ინტეგრაციას საკუთარ საქმიანობაში;

– სასამართლომ უნდა წარმოადგინოს დაახლოებითი ვადები ადგილობრივი ოფისის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოში და გაასაჯაროოს აღნიშნული ინფორმაცია;

– ადგილობრივი ოფისის ფუნქციონირების დაწყებამდე რეესტრმა უნდა უზრუნველყოს პრობლემის დროებითი გადაწყვეტა მაღალი დონის (P) წარმომადგენლობით, რომელიც შეავსებს არსებულ ხვრელს. რეესტრის წინადადება უნდა ასახავდეს საქართველოს შესახებ ყოვლისმომცველ სტრატეგიას;

– სასამართლომ თავად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია დაზარალებულებს, მათ შორის, ინფორმაცია სასამართლოს მანდატისა და მისი აქტივობების შესახებ საქართველოში;

– სასამართლო წარმომადგენლებსა და დაზარალებულებს შორის შეხვედრებს უნდა ჰქონდეს უფრო რეგულარული ხასიათი, უნდა იყოს უფრო კარგად დაგეგმილი და სრულყოფილი;

– სასამართლომ უნდა აწარმოოს ღია დიალოგი და გააგრძელოს კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან;

– სასამართლომ უნდა შეიმუშაოს და გაასაჯაროოს საქართველოსთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლების სტრატეგია.

გამოქვეყნებულ განცხადებას ხელს აწერენ  ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო’’, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი