17 ივლისს დეზერტირების ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საწყობში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია. დაშავებული არავინაა, თუმცა დაიწვა 180–200 კვ.მ. ფართობის მაცივრებით დატვირთული ფართობი, სადაც ყუთებით ხორცპროდუქტებს ინახავდნენ.
ცეცხლს 8 ცისტერნით 4 სახანძრო სამაშველო ჯგუფი აქრობდა. ადგილზე სულ 50 მეხანძრე–მაშველი მუშაობდა. მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ერთი ჯგუფიც, თუმცა ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციას ე.წ. დეზერტირების ბაზრთან სამანქანო გზა დაახლოებით 1 საათით ჰქონდა გადაკეტილი.
შესაბამისს სამასახურებს ბაზარში მომუშავე ადამიანები დაუკავშირდნენ. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, სახანძროს მანქანები ადგილზე დაახლოებით 5 წუთში მივიდნენ. ისინი შიშობდნენ, რომ ხანძარი მაღალი ტემპერატურის გამო მალე გავრცელდებოდა. საწყობის ეზოდან, სადაც ცეცხლმა მიაღწია, 8 მანქანა დროულად გაიყვანეს.
ხანძრის ჩაქრობის შემდეგ მოვაჭრეებმა საწყობიდან ნახევრად დამწვარი ყუთებით ხორცპროდუქტები გამოიტანეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები, ხოლო ე.წ. ვაგზლის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილით გადაადგილება უკვე შესაძლებელია.
უკანასკნელ პერიოდში უკვე რამდენიმე ბაზარს გაუჩნდა ცეცხლი. ნეტგაზეთის “თაიმლაინზე” შეგიძლიათ გაეცნოთ, სად, როდის და რომელ ბაზრებში გაჩნდა ხანძარი.