მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, იგივე “ბახალა” თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობიდან გაათავისუფლა. მას საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება მოსამართლემ 20 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.
“აღკვეთი შეიცვალა იმიტომ, რომ არ არსებობდა აუცილებლობა პატიმრობაში დატოვების. კანონი ამბობს, რომ თუ არ არსებობს მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი, ის უნდა შეიცვალოს ნაკლებად მკაცრით. ჩვენ მოვიყვანეთ არგუმენტები, მოვიყვანეთ საერთაშორისო პრაქტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებები და გადაწყვეტილებები, რომლებიც სასამართლომ გაითვალისწინა სრულად, რაც მისასალმებელია, თუმცა მთავარი წინ არის, წინ გველოდება არსებითი განხილვები,” – ამბობს გიორგანაშვილის ადვოკატი გიორგი მახარაძე.
საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. მორიგი სასამართლო სხდომა 1 სექტემბერსაა დანიშნული.
გიორგი გიორგანაშვილი ნარკოტიკული ნივთიერების, ბუპრენორფინის ფლობის ბრალდებით 29 იანვარს დააკავეს. იგი დააკავეს მაშინ, როდესაც დასავლეთ საქართველოდან ბრუნდებოდა თბილისში. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 8 წლიდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უკანონო პატიმრობა ემუქრება.
გიორგანაშვილი არ აღიარებს ბრალს და უარს ამბობს საპროცესო შეთანხმებაზეც. მისი ადვოკატის თქმით, “ბახალას” ნარკოტიკი ჩაუდეს, რადგან გიორგანაშვილის დაკავების ინტერესი ის იყო, რომ სხვა საქმესთან თანამშრომლობას სთხოვდა პოლიცია და ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რის შესახებაც არაფერი იცოდა.