ახალი ამბები

გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერად დღეს აქცია გაიმართება

13 ივლისი, 2017 • 2709
გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერად დღეს აქცია გაიმართება

დღეს, 13 ივლისს, დედაენის ბაღში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერად და ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად მისი მეგობრები აქციას 19 საათზე გამართავენ.

‘თეთრი ხმაურის მოძრაობის’ წევრის, ბექა წიქარიშვილის თქმით, აქციაზე გასაჯაროვდება გიორგის წერილი ციხიდან, რომელიც მისი ადვოკატების საშუალებით მოიპოვეს, მას აქამდე გარესამყაროსთან კავშირი აკრძალული ჰქონდა.

,,არ შეიძლება, რომ ორი მოწმე პოლიციელის ჩვენებაზე ადამიანები რვა წლით მიდიოდნენ ციხეში, ეს პრაქტიკა უნდა აღმოიფხვრას არა მარტო ამ საქმეში, ბოლო პერიოდში გახმაურებულ ყველა საქმეში, ე.წ. შეკერილ საქმეებში. ყველგან მსგავსი შემთხვევა გვაქვს”, – ამბობს ბექა წიქარიშვილი.

გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატი გიორგი მახარაძე ამბობს, რომ ეს საქმე არ განსხვავდება ჩადების სხვა საქმეებისგან. ეჭვებს აღძრავს ის გარემოება, რომ საქმეში არსებობს ორი მოწმე პოლიციელის ჩვენება და მტკიცებულებები არის მიკერძოებული.

“საქმეში არ არსებობს სხვა ნეიტრალური, ობიექტური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გიორგი გიორგანაშვილის კავშირს მისგან “ამოღებულ” ნივთიერებასთან. ვგულიხმობ ბიოლოგიურ, დაქტილოსკოპიურ ან გენეტიკურ კვლევას. ამგვარი რამ არ არსებობს, საქმე დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებაზე, რომლებმაც თითქოსდა ამოიღეს ბუპრენორფინი”, – ამბობს გიორგი მახარაძე.

ხვალ, 14 ივლისს უნდა განახლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა.

გიორგი გიორგანაშვილი. ფოტო: კადრი თეთრი ხმაურის მოძრაობის ვიდეოდან

გიორგი გიორგანაშვილი. ფოტო: კადრი თეთრი ხმაურის მოძრაობის ვიდეოდან

ადვოკატის თქმით, გიორგანაშვილი არ აღიარებს ბრალს და უარს ამბობს საპროცესო შეთანხმებაზეც. მახარაძის თქმით, ისინი ხვალ დააყენებენ შუამდგომლობას, რომ წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ.

გიორგი მახარაძის თქმით, გიორგანაშვილის დაკავების ინტერესი ის იყო, რომ სხვა საქმესთან თანამშრომლობას სთხოვდა პოლიცია და ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რის შესახებაც არაფერი იცოდა.

გიორგი გიორგანაშვილი ნარკოტიკული ნივთიერების, ბუპრენორფინის ფლობის ბრალდებით 29 იანვარს დააკავეს. იგი დააკავეს მაშინ, როდესაც დასავლეთ საქართველოდან ბრუნდებოდა თბილისში. მას 8 წლიდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უკანონო პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი