ახალი ამბები

ადვოკატის განცხადებით, უცნობია, ოთარ აბესაძე ბრალს აღიარებს თუ არა

12 ივლისი, 2017 • 2288
ადვოკატის განცხადებით, უცნობია, ოთარ აბესაძე ბრალს აღიარებს თუ არა

უცნობია, თბილისის მერიის მაღალჩინოსანი, ოთარ აბესაძე, რომელიც 11 ივლისს სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა, ბრალს აღიარებს თუ არა – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა.

თავდაპირველად ნეტგაზეთს ეწერა, რომ აბესაძე ბრალს აღიარებს, რადგან როგორც მედიით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ჟურნალისტების კითხვას, აღიარებს თუ არა ბრალს აბესაძე, ირმა ჭკადუა პასუხობს, რომ “კი”, თუმცა მოგვიანებით ჭკადუამ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ჟურნალისტები მას ერთდროულად უამრავ კითხვას უსვამდნენ და არ ახსოვს, რომელ შეკითხვაზე გასცა დადებითი პასუხი.

მანვე ნეტგაზეთს უთხრა, რომ აბესაძისთვის ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ, შესაბამისად, მისი პოზიცია ამ საკითხზე უცნობია. ჭკადუამ ნეტგაზეთს ასევე განუმარტა, რომ მცირეხნიანი შეხვედრის გამო აბესაძეს მასთან პოზიციები შეთანხმებული არ აქვს.

“ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ მისთვის. ამ წუთას თავს ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად გრძნობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვერ ვისაუბრეთ მასთან. მას ცოტა ხნით დამშვიდება სჭირდება. მოგვიანებით კიდევ მოვინახულებთ და მასთან შევაჯერებთ იმას, თუ რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ მომავალში,”- განაცხადა ირმა ჭკადუამ აბესაძის მონახულების შემდეგ.


 

გამოძიების ცნობით, 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში, მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფეს და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის მერიის სხვადასხვა სამსახურიდან საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

სუს-ის ცნობით, მან ხსენებულ მოქალაქეებს განუმარტა, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო მასთან და ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები შეეძლოთ უპრობლემოდ დაეწყოთ. იგი უზრუნველყოფდა, რომ სარემონტო სამუშაოების წარმოებისას არ დაჯარიმებულიყვნენ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ.

სუს-ის ცნობით, მიმდინარე წლის 11 ივლისს ოთარ აბესაძემ ზემოაღნიშნულ ერთ-ერთ მოქალაქეს გამოართვა მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი