ახალი ამბები

პრემიერის პრესსამსახურის განცხადება ივანიშვილის კავშირზე ოფშორულ კომპანიასთან

5 აპრილი, 2013 •
პრემიერის პრესსამსახურის განცხადება ივანიშვილის კავშირზე ოფშორულ კომპანიასთან

ბრიტანული გამოცემის “გარდიანის” ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სათავეში უდგას იმ ახალი სახელების სიას, რომლებიც გამოჩნდნენ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული საიდუმლო ოფშორული კომპანიების მფლობელები.

 

ათასობით ასეთი მესაკუთრის სია გამოავლინა ვაშინგტონში დაფუძნებულმა – “გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა” (ICIJ). ჟურნალისტების მიერ მოძიებული ცნობით, ივანიშვილი ფლობს ოფშორულ კომპანიას – Bosherston Overseas Corp. “გარდიანს” გამოქვეყნებული აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის კომენტარიც, რომელიც აღნიშნავს, რომ ივანიშვილს ყველაფერი კანონის შესაბამისად აქვს გაკეთებული:

 

“საანგარიშო პერიოდში, 2011-12 წლებში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს” არ ჰქონია არანაირი ინტერესი კომპანიაში… და აქედან გამომდინარე, არ მოეთხოვებოდა ამის შესახებ ანგარიში შეეტანა თავის ფინანსურ დეკლარაციაში.

 

დღეს პრემიერის პრესსამსახური ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ვრცელ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია:

 

“საქართველოს მთავრობისთვის ცნობილია გარკვეული ვარაუდები იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე რეგისტრირებულ ერთ-ერთ კომპანიას შორის წარსულში არსებობდა საქმიანი კავშირი. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია განაცხადოს მის საკუთრებაში არსებული ყველა აქტივის შესახებ. ბიძინა ივანიშვილმა არა ერთხელ განაცხადა, რომ გამჭვირვალობის მაქსიმალურად უზრუნველყოფისათვის მტკიცედ დაიცავს კანონის ყველა მოთხოვნას და საჯაროს გახდის საკუთარ ფინანსებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

 

2011-2012 წლების საანაგრიშო პერიოდში ბიძინა ივანიშვილი, როგორც პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი და შემდგომში პრემიერ-მინისტრი, არ ფლობდა არანაირ წილს ზემოაღნიშნულ კომპანიაში. ამდენად, იგი არ იყო ვალდებული ეს განეცხადებინა დეკლარაციაში. ხოლო, რაც შეეხება მის საკუთრებაში არსებულ ამჟამინდელ აქტივებს, ეს ინფორმაცია კანონის სრული დაცვით გაცხადებული აქვს დეკლარაციაში.”

მასალების გადაბეჭდვის წესი