2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ქუთაისის საკრებულოს 25- წევრიან შემადგენლობაში “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” 21 ადგილი მოიპოვა – 10 მაჟორიტარული წესით, 11 კი – პარტიული სიით.

 

სწორედ პარტიული სიით არჩეული დეპუტატების მიერ შეიქმნა უმრავლესობის ფრაქცია “ნაციონალები”. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ქუთაისის საკრებულოში “ნაციონალების” ფრაქცია ორმა დეპუტატმა – გიორგი სიხარულიძემ და კახა ნურალიძემ დატოვეს.

 

გასული წლის ნოემბერში “ნაციონალების” ფრაქცია, რომელიც იმ დროისთვის 9 წევრს ითვლიდა, კიდევ ოთხმა დეპუტატმა დატოვა –  მანანა კიკაბიძემ, ირინე ივანეიშვილმა, ვიტალი ბოჭორიშვილმა და ნოე კუხიანიძემ, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ორი მათგანი, კერძოდ, ნოე კუხიანიძე და ვიტალი ბოჭორიშვილი ფრაქციას უკან დაუბრუნდნენ. მათ რიგებს შეუერთდა გოგიტა გოგელაშვილი, რომელიც ქუთაისის საკრებულოში “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” პარტიული სიით შევიდა, შედეგად, “ნაციონალების” ფრაქცია 8 დეპუტატით განისაზღვრა.

 

თუმცა ამ ფრაქციას დღეის მდგომარეობით მხოლოდ ოთხი წევრი შემორჩა. ოთხი დეპუტატი (ვიტალი ბოჭორიშვილი, გოგიტა გოგელაშვილი, თამაზ მარგველაშვილი და რაულ ქორჩილავა) ფრაქციას გუშინ გამოეთხოვა, მათ შორისაა საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ მოიპოვა ეს პოსტი, როცა თანამდებობიდან გადადგა ამირან ხვადაგიანი.

 

“ნაციონალების” ფრაქციიდან გუშინ საბოლოოდ წასულმა დეპუტატებმა ახალი ფრაქცია უკვე შექმნეს, სახელწოდებით – “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”.

 

“ჩვენ ახალი კუთხით გვინდა გავაკეთოთ საქმე ქალაქში”, – ამბობს თამაზ მარგველაშვილი და იქვე აცხადებს, რომ მანამდე “ნაციონალური მოძრაობაც” ძალიან კარგად აკეთებდა საქმეს ქალაქში.

 

ახალ ფრაქციაში თავის დროზე “ნაციონალების” ეგიდით არჩეული მაჟორიტარებიც გაწევრიანდნენ, შედეგად, ფრაქცია ამ დროისთვის ათი წევრისგან შედგება, ესენი არიან: მაჟორიტარები – მერაბ მეშველიანი, ტარიელ მესხი, კახა ნემსიწვერიძე, დავით ჯანაშია, აკაკი სიხარულიძე და “ნაციონალების” ფრაქციის ყოფილი წევრები – რაულ ქორჩილავა, თამაზ მარგველაშვილი, ვიტალი ბოჭორიშვილი, ირინე ივანეიშვილი, გოგიტა გოგელაშვილი.

 

ამჟამად ქუთაისის საკრებულოში 4 ფრაქციაა შექმნილი. ყველაზე მეტი წევრი (10 ადამიანი) ჰყავს ახალშექმნილ ფრაქციას “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”. 4 წევრი დარჩა ფრაქცია “ნაციონალებს”, ესენი არიან: ლევან კირკიტაძე, გიორგი უკლება, გია გოქაძე,  ნოე კუხიანიძე. 4 წევრი დარჩა ფრაქცია “მაჟორიტარებში” – ამირან ხვადაგიანი, დავით გოგისვანიძე, სერგო ლექვინაძე და მერაბ ბარათაშვილი და ასევე, ოთხი წევრია ფრაქციაში “ქართული ოცნება – ქუთაისი” – მათ შორის ორი ყოფილი “ნაციონალი” (კახა ნურალიძე და გიორგი სიხარულიძე), ერთი წევრი, რომელიც საკრებულოში არჩეული იქნა ქდმ-ს პარტიული სიით (გიორგი შავგულიძე) და ერთიც “ახალი მემარჯვენეების” სიით გასული – მამუკა მღვდელაძე.

 

საკრებულოში დამოიკიდებელი დეპუტატების სახით არიან წარმოდგენილნი მანანა კიკაბიძე (ფრაქცია “ნაციონალების” ყოფილი წევრი) და დავით დვალი (ქდმ-ს პარტიული სიით არჩეული).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *