ახალი ამბებისაზოგადოება

ადრეული ქორწინება – რელიგიური და სახელმწიფო ინსტიტუტები გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

11 ივლისი, 2017 • 7663
ადრეული ქორწინება – რელიგიური და სახელმწიფო ინსტიტუტები გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

გოგონათა ადრეული ქორწინება იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც დღეს, 11 ივლისს, თბილისში გამართულ კონფერენციაზე “რელიგიის როლი ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის” ფარგლებში განიხილეს.

2017 წლის 1 იანვრიდან ქორწინება მხოლოდ 18 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით გამოცემულ ბუკლეტში ვკითხულობთ, რომ 2015 წელს საქართველოში 15-19 წლის ასაკის ყოველი 1 000  მოზარდის გოგონადან 51 იყო ორსულად. ადრეული ქორწინება და ორსულობა, ერთი მხრივ, რისკის შემცველია გოგონების ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის, მეორე მხრივ კი, გოგონების სასწავლო პროცესიდან ჩამოშორებას იწვევს. მაგალითად, 2015 წელს ამ მიზეზით 17 წლამდე ასაკის 408 არასრულწლოვანმა შეწყვიტა განათლების მიღება.

კონფერენციაზე იმყოფებოდა განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც იმ აუცილებელი ნაბიჯების შესახებ ისაუბრა, რაც ადრეული ქორწინების პრევენციისთვის აუცილებელია:

“პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ფორმალური განათლების მიმართულებით ეროვნული სასწავლო გეგმა მუშავდება და საბაზო საფეხურზე სამოქალაქო განათლების კომპონენტის და ჯანსაღი ცხოვრების კომპონენტის გაძლიერებაა. სწორედ საბაზო საფეხური არის ის ასაკი, როდესაც ადრეული ქორწინების პრობლემა ფეხს იდგამს”,- განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა თამარ მალაზონიამ.

მისივე თქმით, მიზნის მისაღწევად მხოლოდ ფორმალურ განათლებაში განხორციელებული ცვლილებები საკმარისი არაა და კომპლექსური მიდგომაა საჭირო:

“ამ მიმართულებით გრძელდება მასწავლებელთა კორპუსის გადამზადება და ამ ტრენინგის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს სწორი იდენტიფიცირება, კომუნიკაცია და რეაგირება, როდესაც ძალადობის შემთხვევასთან გვაქვს საქმე. არაერთხელ ყოფილა მასწავლებელი კრიტიკის ობიექტი, როდესაც ნაადრევ ქორწინებაში მის მონაწილეობაზე ყოფილა საუბარი. ნაცვლად იმისა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიეღო, შესაძლებელია უნებლიეთ ხელშემწყობი აღმოჩნდა”,- ამბობს მალაზონია.

განათლების სამინისტრო ასევე აპირებს მშობლებთან მუშაობას, განსაკუთრებით, კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, სადაც შედარებით მაღალია ადრეული ქორწინების მაჩვენებლები. მაგალითად, ქორწინებაში მყოფ ეთნიკური უმცირესობების წარომადგენელი ქალებისგან 32% 18 წლამდე დაქორწინდა. 5% დაქორწინდა 13-14 წლამდე, 16% კი- 15-16 წლის ასაკში.

დღევანდელ კონფერენციაზე სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ განცხადების ტექსტიც მიიღო. ისინი აღნიშნავენ, რომ ოჯახი საზოგადოებისა და სახელმწიფოს დასაყრდენს წარმოადგენს და თანასწორუფლებიანობაზე დამყარებული ნებაყოფლობითი კავშირია:

“სრულყოფილი ოჯახის შექმნისთვის აუცილებელია როგორც ფიზიკური, ასევე, მორალური და ფსიქოლოგიური მომწიფება […] ამ გადმოსახედიდან ჩვენთვის მიუღებელია 18 წლამდე ასაკში ნაადრევი ქორწინების საზიანო პრაქტიკის ხელშეწყობა და რიგ შემთხვევებში- იძულება, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. ეს საზიანო პრაქტიკა უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგების მომტანია მოზარდების, განსაკუთრებით გოგონების, განათლების, ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის”,- ნათქვამია განცხადებაში.

დღევანელი კონფერენცია გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, კავშირ “21-ე საუკუნის” და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის თანამშრომლობით გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი