კანდიდატების უმეტესობა საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია, თითქმის ყველა მათგანმა უკვე დაიწყო აქტიური საარჩევნო კამპანია და საკუთარ ოლქებში არსებული პრობლემების შესახებ მოსახლეობისგან ინფორმაციის მიღება.


ნაძალადევის ოლქი


ნაძალადევის ოლქის მაჟორიტარობისთვის შუალედურ არჩევნებზე 11 კანდიდატი იბრძოლებს, მათ შორის არიან, როგორც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლები, ასევე საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები.


ნაძალადევის ოლქში, ისევე როგორც სხვა ოლქებში, სადაც შუალედური არჩევნები ტარდება, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების უმეტესობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის გადანაწილდა.

1 ოქტომბრის არჩევნების დროს აღნიშნულ ოლქში “ნაციონალების” კანდიდატი მერაბ სამადაშვილი იყო, რომელმაც ხმათა 23.94% მიიღო და დამარცხდა “ქართული ოცნების” კანდიდატთან, ამჟამინდელ იუსიტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან, რომელსაც ხმების 72.19% ერგო, დარჩენილი ხმები შალვა “ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენელს გიორგი გუგავას, “გიორგი თარგამაძე – ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელ ჯაბა სამუშიასა და “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელ გიორგი ჩიბუხაშვილს შორის გადანაწილდა.


შუალედური არჩევნებისთვის ნაძალადევის ოლქში ყოფილი მმართველი პარტიის ეგიდით კენჭს იყრის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში მირზა (პაპუნა) დავითაია. კოალიციის სახელით კი ამჯერად კენჭს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, იურისტი, თამარ კორძაია იყრის.


თამარ კორძაია დარწმუნებულია, რომ კოალიცია არჩევნებში ამჯერადაც გაიმარჯვებს:


თამარ კორძაია
თამარ კორძაია

“მე ვარ ერთადერთი კანდიდატი, ვინც გაიმარჯვებს ნაძალადევის რაიონში. ამაში დარწმუნებული ვარ და ამას აქვს თავისი მიზეზები: ერთი ის, რომ მე ვარ იმ გუნდთან, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, გარდა ამისა, მე ვიცავდი ადამიანის უფლებებს, ჩემი ღირებულებები არის თანხვედრაში იმ გუნდთან, რომელთან ერთადაც ვარ. მე ვიცი ნაძალადევის რაიონის პრობლემები, იქ მოსახლეობის მოთხოვნა არის სამართლიანობის აღდგენა. მე ვთქვი, რომ პარლამენტში ვიქნები აქტიური მონაწილე იმისა, რომ საქმე ბოლომდე იქნას მიყვანილი, რათა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს”, – აცხადებს თამარ კორძაია.

 

საკუთარი შანსების წინასწარი შეფასებისგან თავს იკავებს “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი მირზა (პაპუნა) დავითაია:

პაპუნა დავითაია
პაპუნა დავითაია


“ძირითადი პრობლემა ნაძალადევში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, არის უმუშევრობა.

მე ვფიქრობ, რომ ბოლო თვეები ამ პრობლემის დასაძლევად ძალიან წარუმატებელი თვეები იყო, პირიქით უმუშევრობამ მოიმატა, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობა გაჩერდა, გაჩერდა კერძო მშენებლობები, რამაც ძალიან ცუდი შედეგი გამოიწვია. გარდა ამისა, სავაჭრო სფეროში ძალიან შემცირებულია ბრუნვა, ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ჩვენი მთავარი აქცენტი, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის, უნდა იყოს ის, რომ როგორმე პარლამენტში დავასრულოთ ეს კამათი და კინკლაობა ხელისუფლების გადანაწილებაზე და გადავიდეთ იმაზე, რომ ვილაპარაკოთ და ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ ერთმანეთს, რათა ვნახოთ საუკეთესო გამოსავალი, თუ როგორ შევქმნათ უფრო მეტი სამუშაო ადგილი და დავეხმაროთ ხალხს”, – აცხადებს პაპუნა დავითაია. მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში შეეცდება ხელი შეუწყოს ინფრასტრუქტურული პროექტების განახლებას:


“ინფრასტრუქტურული პროექტები სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს, რაც ისევ დაძრავს და აამუშავებს ეკონომიკას. ასევე, მე არ მგონია კარგი იდეა იყოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შრომის კოდექსში შედის, რადგან ისედაც დამფრთხალ ინვესტორს კიდევ დამატებით ბარიერებს თუ შევუქმნით, საერთოდ არ შემოვლენ და მე მგონი, არ არის საჭირო ზედმეტი რეგულაციების შემოღება”, – აცხადებს პაპუნა დავითაია.


ნაძალადევის ოლქში ასევე კენჭს იყრიან: “კახა კუკავა-თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა, “სამართლიანი საქართველოსთვის” წარმომადგენელი ხვიჩა ასანიძე, “შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” წევრი გიორგი გუგავა, “თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზის” წარმომადგენელი ზაზა მეზვრიშვილი, “მერაბ კოსტავას საზოგადოების” წევრი გიორგი ლილუაშვილი, ასევე საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები – იოსებ მანჯავიძე, ზურაბ ქადაგიძე და ზვიად ჩიტიშვილი.


№9 ნაძალადევის ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 132,021–ს შეადგენს.



სამტრედიის ოლქი


სამტრედიაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დასახელებულია სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ემზარ შუბლაძე. “ქართული ოცნების” კანდიდატი კი -იურისტი გიორგი კახიანია.


სამტრედიის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები ასევე არიან: “სამართლიანი საქართველოსთვის” წარმომადგენელი გოჩა ბაძგარაძე, ბადრი გოგელაშვილი – პარტიიდან “თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა” და მორისონ ქობულია “საქართველოს მშრომელთა საბჭოდან”.

 

1 ოქტომბრის არჩევნების დროს “ნაციონალების” კანდიდატი მერაბ ჯანელიძე (43.91%) იყო, რომელიც დამარცხდა “ოცნების” კანდიდატთან, ამჟამად ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძესთან(53.63%).

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის განცხადებით, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ამ ოლქშიც მოსახლეობის ძირითადი პრობლემა დასაქმებაა:


“ძირითადი პრობლემაა დასაქმება, არის ძალიან ბევრი ადამიანი სოციალურად გაჭირვებულ მდგომარეობაში და ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი მათი დახმარება იქნება, მაგრამ, ამავდროულად, სამტრედიისთვის სპეციფიკური მეორე საკითხიც არის ინფრასტრუქტურა და სოფლის გზები არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, რეალურად სოფელი იცლება იმის გამო, რომ გზების პრობლემაა მოსაგვარებელი”, – აცხადებს ემზარ შუბლაძე. ის დარწმუნებულია, რომ სამტრედიის მოსახლეობა მაჟორიტარად სამტრედიაში მცხოვრებ კანდიდატს მიანიჭებს უპირატესობას:


“ვფიქრობ, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, გამომდინარე იქიდან, რომ სამტრედიელები ყოველთვის ირჩევენ სამტრედიელ კანდიდატს. მე ვფიქრობ, თავზემოხვეულ კანდიდატს სამტრედიელები მხარს არ დაუჭერენ. მე დავიბადე და გავიზარდე აქ, ვცხოვრობ, ვმუშაობ, ჩემი რაიონი არ დამიტოვებია და ვარ ჩემი ხალხის სამსახურში, ვარ იურისტი და ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობის 11- წლიანი გამოცდილება მაქვს. ჩემს კონკურენტს კი “ქართული ოცნებიდან” ერთი წამით არ უცხოვრია სამტრედიაში, ერთი ღამე არ აქვს განათევი, მე ასე ვიცი და ერთ ადამიანს ვერ ნახავთ სამტრედიაში, ვინც ამას არ დაადასტურებს”, – აცხადებს ემზარ შუბლაძე.


“ქართული ოცნების” წარმომადგენლის, გიორგი კახიანის განცხადებით კი, სამტრედიელები უპირატესობას მიანიჭებენ იმ ადამიანს, ვინც მათ პრობლემებს მოაგვარებს:


“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი წლების განავლობაში თვითმმართველობის ორგანოებში იყო და მიუხედავად ამისა, მოსახლეობისგან მე დიდ კმაყოფილებას ვერ ვხედავ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაწეული საქმის მიმართ, ასე რომ, სამტრედიელები უპირატესობას მიანიჭებენ იმ ადამიანს, ვინც მათ პრობლემებს მოაგვარებს, მოსახლეობას ჩვენი სჯერა და ჩვენ რა დანაპირებიც მივეცით მათ, იმას შევასრულებთ”, – აცხადებს გიორგი კახიანი. მისი თქმით, მისი პრიორიტეტები მისი გუნდის პრიორიტეტებიდან გამომდინარეობს:


“პრობლემებია, ფაქტობრივად, ყველა სფეროში, ჩვენთვის ერთ–ერთი პრიორიტეტული სოფლის მეურნეობის საკითხი იქნება, ახლა ხვნის პერიოდი იწყება, პრობლემებია სასოფლო–სამეურნეო ბარათებთან, აგროკრედიტებთან დაკავშირებით, შევეცდებით ის საკითხები, რაც პრობლემურია, გამოვასწოროთ. ამის გარდა, არის პრობლემები სოციალურ, ჯანდაცვის, განათლების სფეროში, ჩვენ გუნდთან ერთად ამ საკითხებზე ვმუშაობთ”, – აცხადებს გიორგი კახიანი.


№54 სამტრედიის ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 48 161–ს შეადგენს.


ბაღდათის ოლქი


1 ოქტომბრის არჩევნების დროს ბაღდათის ოლქში “ნაციონალების” კანდიდატი თემურ კოხოძე დამარცხდა “ოცნების” კანდიდატ არჩილ კბილაშვილთან, რომელიც ამჟამად ქვეყნის მთავარი პროკურორია. არჩილ კბილაშვილმა ხმების 49,3% მიიღო, ხოლო თემურ კოხოძემ 48,74%, დარჩენილი 2% კი ლეიბორისტული პარტიისა და “ახალი მემარჯვენეების” მაჟორიტარებს შორის გადანაწილდა

ბაღდათის ოლქში ამჯერად “ნაციონალების” ეგიდით კენჭს ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვლედიმერ (ხვიჩა) წიქორიძე იყრის. “ქართული ოცნების” წარმომადგენელი კი ადვოკატი პაატა კიკნაველიძეა.


პაატა კიკნაველიძეს აქტიური საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაუწყია. მისი შეფასებით, სხვა კანდიდატებს გამარჯვების იმდენივე შანსი აქვთ, რამდენიც მას, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ის ყურადღებას საკუთრების უფლების უზრუნველყოფაზე გაამახვილებს:


“გამარჯვების შემთხვევაში, ჩემი პრიორიტეტია კანონმდებლობის შემუშავება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საკუთრების უფლების და სხვა ძირითადი უფლებების სისტემური ხელყოფის შედეგების და მათ შორის სახელმწიფოსთვის იძულებით ნაჩუქარი ქონების რესტიტუცია ან კომპენსაცია. რაც შეეხება ზოგად პრიორიტეტებს, ეს გამომდინარეობს იმ პროგრამიდან, რომელიც კოალიციას ჰქონდა წინასაარჩევნოდ, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა და განათლების სფერო”, – აცხადებს პაატა კიკნაველიძე.


“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი კი აქტიური საარჩევნო კამპანიის დაწყებას ხვალიდან აპირებს და საკუთარ გამარჯვებაში თითქმის დარწმუნებულია:


“ხვალიდან ვიწყებ აქტიურ საარჩევნო კამპანიას და მოსახლეობასთან შეხვედრებს და სოფლებში, უბნებში გასვლას. ზოგადად, როგორც მთელ საქართველოში, რაიონებში, ჩვენთანაც იგივე პრობლემებია, გაზით მომარაგებაზე მუშაობა დაწყებული იყო და შეჩერებულია 1 ოქტომბრის შემდეგ, შეჩერდა ელექტროენერგიაზე გამრიცხველიანება, წყლის პრობლემებია და საუბნო გზების პრობლემები.

 

ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და მშვენიერი შანსი მაქვს, რომ მოვიგო ეს არჩევნები, ადგილობრივი კადრი ვარ, წლებია ბაღდათში ვარ, ყოველთვის თანამდებობებზე ვიყავი, საკრებულოს თავმჯდომარეც ვიყავი, ექვსი წელია რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვარ, ასე რომ, რაიონს კარგად ვიცნობ და მგონი, დიდი შანსი მაქვს”, – განაცხადა ვლედიმერ (ხვიჩა) წიქორიძემ.


№52 ბაღდათის ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 23, 380–ია.

 
შუალედური არჩევნები საქართველოს მასშტაბით 3 ოლქში 27 აპრილს გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *