ახალი ამბები

პრემიერი კონსტიტუციის რეფორმაზე: მზად ვართ, ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებში ჩავერთოთ

10 ივლისი, 2017 • 1780
პრემიერი კონსტიტუციის რეფორმაზე: მზად ვართ, ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებში ჩავერთოთ

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებში ჩაერთოს.

“სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი ნაწილი არ არის განწყობილი კონსტრუქციულად, იმისკენ, რომ უფრო ფართო კონსენსუსს მივაღწიოთ. კონსტიტუციის ცვლილებების წერის პროცესში შექმნილი იყო კომისია, რომელშიც ყველას ჰქონდა საშუალება, რომ ჩართულიყო, მათ შორის- პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას. დღეს საკითხი არის ორი მოსმენით დამტკიცებული. ჩვენ მზად ვართ კიდევ გადავდგათ ნაბიჯები იმისათვის, რომ ვიპოვოთ ის საკითხები, რომლებიც გარკვეულწილად შეარბილებს ამ ფონს და რაღაც დონის კომპრომისი იქნება ჩვენი მხრიდან. ამისთვის ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებში”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

23 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს. რეგისტრაცია სულ 115-მა დეპუტატმა გაიარა და ცვლილებების პროექტს 115-ივემ მხარდაჭერა გამოუცხადა. კონსტიტუციაში დაახლოებით 50-ზე მეტი ცვლილება შედის.

კონსტიტუციის რეფორმის პროექტი მეორე მოსმენით საპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთრობო სექტორის ბოიკოტის ფონზე მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი