ახალი ამბები

5 დაკარგული ტურისტი შატილის ხეობიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს

8 ივლისი, 2017 • 2189
5 დაკარგული ტურისტი შატილის ხეობიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის პილოტებმა, ერთობლივად ჩატარებული წარმატებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, 5 უცხოელი ტურისტი გადაარჩინეს.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში გუშინ შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, შატილის ხეობაში, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ტურისტებს გზის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა და დახმარებას საჭიროებდნენ. უცხოელთა 17-კაციანი ჯგუფიდან 5 ტურისტის პოვნა დღემდე ვერ ხერხდებოდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილისკენ დუშეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გაემართა. რთული რელიეფური და კლიმატური პირობების გამო, ტრანსპორტით გადაადგილება ვერ მოხერხდა და მაშველებმა დაკარგული ტურისტების ძებნა ქვეითად განაგრძეს.”

როგორც შსს აცხადებს, ამინდის გაუმჯობესებისთანავე სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. უწყების ცნობით, მაშველებმა ტურისტებთან კომუნიკაციის დამყარება და მათი ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენა შეძლეს.

ერთობლივად ჩატარებული წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, შსს-ს თანამშრომლებმა ხუთივე უცხოელი ტურისტი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ამჟამად ისინი, 17-კაციანი ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად, თბილისში იმყოფებიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.”

შინაგან საქმეთა სამინიტროს განცხადებით, დუშეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველებმა შატილის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ 4 უცხოელი ტურისტი იპოვეს, რომლებსაც გზა აებნათ და უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებდნენ. ამჟამად ისინიც უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან.

შსს-ს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფერენებმა შატილის მიმართულებით დღეს რამდენიმე რეისი განახორციელეს და ადგილზე დარჩენილი 80-მდე ტურისტი ბარისახოში გადმოიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი