“რიგითი მკითხველიც მიხვდება, რომ ეს დასკვნა, რბილად რომ ვთქვათ, დამაჯერებლობას მოკლებულია. დასკვნაში საუბარია მხოლოდ იმაზე, როგორ აყენებდა ჩვენი თანამშრომელი შეურაცხყოფას მთავარი სამმართველოს უფროსს, როგორ მოუწოდებდა ის დამშვიდებას და ა.შ. “
კოჟორიძის თქმით, მოწმეთა ჩვენებების გარდა, შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებიც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ აღნიშნულ საქმეში შს თანამშრომლის, თელიას დანაშაულობა გამოკვეთილიყო.
“ეს არ მიუთითებს იმას, რომ სამართლადამცავი ორგანოები მოწადინებული იყვნენ ამ საქმეზე სიმართლისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის. ასეთ ტიპის განცხადებას არ ველოდი, სხვა კვალიფიკაციის დასკვნას ვისურვებდი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ იმას, რომ შს თანამშრომლისთვის დიდი სასჯელი გაეთვალისწინებინათ. უბრალოდ, სხვა ტიპის, უფრო დამაჯერებელი არგუმენტაცია უნდა ყოფილიყო. ჩვენ ამ საქმეზე არ ვაქტიურობთ იმიტომ, რომ საიას თანამშრომელი მონაწილეობს. აქ მთავარია, ვნახოთ, როგორ მუშაობს უწყება, როგორ მუშაობს სისტემა,”- ამბობს კოჟორიძე.
ამ შემთხვევაში, საიას თავმჯდომარის თქმით, სისტემამ ტესტი წარმატებით ვერ ჩააბარა.
28 მარტს ბათუმში საიას თანამშრომლებსა და აჭარის მთავარი სამმმართველოს უფროსს, ვალერი თელიას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დასკვნა დღეს, 2 აპრილს გამოაქვეყნა.
შსს-მ დაასკვნა, რომ შსს თანამშრომლის, ვალერიან თელიას მიერ სამსახურებრივი გადაცდომა არ დადასტურდა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, გია ქარცივაძის მაშინდელი განცხადებით, „აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა ვალერი თელიამ საია-ს თანამშრომელს როინ ფარტენაძეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სიგარეტი მიაწვა შუბლზე“.
იმავე დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შსს–სგან და მთავარი პროკურატურისგან შსს–ს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის ვალერი თელიას ქმედებაზე ადეკვატური შეფასების მოლოდინი გამოთქვა.