ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

‘ერი-არმია’: სომხეთის გეგმა საზოგადოების მილიტარიზაციის შესახებ შეშფოთებას იწვევს

7 ივლისი, 2017 • 5037
‘ერი-არმია’: სომხეთის გეგმა საზოგადოების მილიტარიზაციის შესახებ შეშფოთებას იწვევს

სტატია, სათაურით Armenia: Nation-Army Plan Raises Concerns About Society’s Militarization, თავდაპირველად გამოქვეყნდა გამოცემა ‘ევრაზიანეტზე’.

ახალი სახელმწიფო პროგრამის მიზანი სომხეთის შეიარაღებული ძალებისა და საზოგადოების უფრო მჭიდრო ინტეგრაციაა. ამ ინიციატივის გამო სამხრეთ კავკასიის ზოგიერთი დამკვირვებული შეშფოთებულია, რადგანაც სომხეთი ისედაც ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ მილიტარიზებული სახელმწიფოა მსოფლიოში, ამ გეგმით კი არმიას კიდევ უფრო დიდი გავლენა ექნება ქვეყნის მომავალზე.

თავდაცვის მინისტრმა, ვიგენ სარგსიანმა, პროგრამა სახელწოდებით „ეროვნული არმიის კონცეფცია“ ოქტომბერში წამოიწყო. ამ კონცეფციას, რომელსაც ჯერჯერობით ბუნდოვნად განმარტავენ, როგოც ჩანს, შორს მიმავალი გეგმები აქვს: მისი საშუალებით, სავარაუდოდ, შესაძლებელი გახდება საზოგადოების სრული მობილიზაცია ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში. „ყველა სამთავრობო ორგანო, სამოქალაქო პირები და ნებისმიერი ადამიანი, ვალდებულნი არიან, სწორად შეასრულონ თავიანთი როლი ქვეყნის თავდაცვის საქმეში“,- განაცხადა სარგსიანმა პროგრამის წარდგენისას.

სარგსიანმა ასევე მიანიშნა, რომ შეიარაღებული ძალები უფრო დიდ როლს ითამაშებს სომხეთის ეკონომიკის სფეროში. მან თქვა, ჯარი უნდა იყოს „არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ ლიდერი ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების განვითარებაში“, და დაამატა, რომ ჯარს შეუძლია იყოს „პლატფორმა ინოვაციისთვის, გახდეს მეცნიერებისა და მრეწველობის დამაკავშირებელი ერთგვარი ხიდი“.

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია პროგრამის შესახებ მწირია, მასთან დაკავშირებული რიტორიკა სომხეთში შეშფოთებას იწვევს. აპრილში პროგრამისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა – ლევონ მკრტიჩიანმა დამსწრე საზოგადოებას განუცხადა: „სამხედრო მეცნიერების მასწავლებლებმა ბავშვებს იარაღის სიყვარული უნდა ასწავლონ და არა მათი შიში. იარაღები უნდა უყვარდეთ, აფასებდნენ, უვლიდნენ და არა ჰაიჰარად აწყობდნენ.  ჩვენ ვცხოვრობთ ტერიტორიაზე, სადაც ყველა პოტენციური ჯარისკაცია და, ბუნებრივია, ეს გავლენას ახდენს ჩვენს განათლების სისტემაზე, ეს კონცეფცია უნდა იყოს სკოლების ძირითადი ამოცანა.”

მსგავსი საუბარი სამოქალაქო უფლებების აქტივისტების შეშფოთებას იწვევს. ეროვნული არმიის კონცეფცია ნაწილია ტენდენციისა, რომელიც მიხედვითაც სომხეთში „სახელმწიფო ზრდის არა მოქალაქეს, არამედ ჯარისკაცს“, განაცხადა ედგარ ხაჩატრიანმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამშვიდობო დიალოგის“ (Peace Dialogue) ხელმძღვანელმა. „და მომავალში, ეს მოქალაქე არ დაიცავს საკუთარ უფლებებს, არამედ შეასრულებს ბრძანებებს… ეს უმოკლესი გზაა სამხედრო დიქტატურის ჩამოყალიბებისთვის და ვხედავ, როგორ მიდის საქმე მაგ მიმართულებით“, განუცხადა ხაჩატრიანმა ‘ევრაზიანეტს’.

სომხეთში ბევრი ფიქრობს, უკვე ძალიან მჭიდროდ ხომ არ მოხდა შეიარაღებული ძალებისა და საზოგადოების ინტეგრირება. ბონის გარდაქმნის საერთაშორისო ცენტრის (BICC) კვლევის მიხედვით, სომხეთი მესამეა მსოფლიოში მილიტარიზაციის დონით, ისრაელისა და სინგაპურის შემდეგ. აღნიშნული ორგანიზაცია ცდილობს გაზომოს „ქვეყნის სამხედრო აპარატის ფარდობითი წონა და მნიშვნელობა მთლიანი საზოგადოების მიმართ“.

თავად სარგსიანის დანიშვნამ თავდაცვის მინისტრად სომხეთში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რადგან სამოქალაქო პირია და არა სამხედრო ვეტერანი, თუმცა სამოქალაქო პირების დანიშვნა თავდაცვის მინისტრად მიღებული სტადარტია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

შეიარაღებული ძალების წამყვანი როლი ქვეყანაში დიდ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. შარშან კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალების გამო რამდენიმე უფროსი რანგის სამხედრო პირი გაათავისუფლეს სამსახურიდან. ეროვნული არმიის კონცეფციის გამოცხადებიდან ერთი თვის შემდეგ პარლამენტს წარუდგინეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს დაეკისრებათ გადასახადი თვეში 1,000 დრამის (დაახლ.$ 2.30 ) ოდენობით, რაც სამხედრო მოქმედებების შესრულებისას დაღუპული ან დაჭრილი ჯარისკაცების საკომპენსაციოდ გაიცემა. კანონმა მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა მოქალაქეებისგან, რომლებიც ჩიოდნენ, რომ მთავრობა გაღატაკებულ მოსახლეობას წურავს, მაშინ, როდესაც უფროსი ოფიცრები მდიდრდებიანო. თუმცა კანონპროექტი ადვილად გავიდა: 84 3-ის წინააღმდეგ – ასე განაწილდა ხმები.

სამოქალაქო უფლებების აქტივიტები ამბობენ, რომ საზოგადოებაში ჯარის როლის გაძლიერებით შეირაღებული ძალები კიდევ უფრო ხელშეუხებელი გახდებიან. „ეროვნული არმიის კონცეფცია მიუღებელი იქნება მანამ, სანამ გვექნება სახელმწიფო“, განაცხადა აქტივისტმა ზარა ოვანესიანმა. „რაც ნიშავს, რომ საზოგადოება მობილიზებული უნდა იყოს სამოქალაქო ინსტიტუტების გარშემო, და არმია, როგორც სახელმწიფოს სუვერენიტეტის დამცველი და უზრუნველმყოფი სტრუქტურა, მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია“.

სარგსიანი გულმოდგინედ ირიდებს კრიტიკას და ამტკიცებს, რომ კრიტიკოსებს ყველაფერი არასწორად ესმით. „ეროვნული ჯარი საზოგადოებაა, რომელიც მოქმედებს, როგორც ერთი მთლიანობა. ეს არ ნიშნავს საზოგადოების ან სახელმწიფოს გასამხედროებას. პირიქით, ეს ნიშანავს ჯარის გადემოკრატიულებას, მის სრულ ინტეგრაციას საზოგადოებასთან, ეკონომიკასთან, კულტურასთან, განათლებასთან, მეცნიერებასთან, ეკოლოგიასთან და სპორტთან“, ასე მიმართა მან პარლამენტს. „ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც ჯარი შექმნის, გამოყენებულ იქნება მთელი საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის და ყველაფერი, რასაც სამოქალაქო ცხოვრებით მივაღწევთ, გამოყენებული იქნება შეიარაღებული ძალების გასაზრდელად“.

კონცეფციის ძირითადი მოტივი, სავარაუდოდ, დიდი ხნის მანძილზე გაყინული კონფლიქტია აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის გამო. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთგვარი იარაღებით შეჯიბრი მიმდინარეობს და საგრძნობლად გაზრდილია დაძაბულობა კონტაქტის ხაზთან, რაც გაამძაფრა 2016 წლის აპრილში მოკლე დროით განახლებულმა საომარმა მოქმედებებმა.

„რეგიონში ამჟამად მიმდინარე იარაღებით შეჯიბრიდან და სომხეთის მოკრძალებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე … ეს არ არის მხოლოდ კონცეფცია ან დოქტრინა, არამედ უპირველეს ყოვლისა, ეს არის ღირებულებათა სისტემა, რომელსაც არა მხოლოდ ისინი მიჰყვებიან, ვისი მოვალეობაც ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაა, არამედ საზოგადოება და დიასპორაც“, – ამბობს სერგეი მინასიანი, კვლევითი ინსტიტუტის, „კავკასიის უნივერსიტეტის“ დირექტორის მოადგილე.    

ჯერჯერობით მთავრობამ კონცეფციასთან დაკავშირებით თითებზე ჩამოსათვლელი სპეციალური ინიციატივები  წარადგინა. ერთ-ერთი მათგანი, სახელწოდებით „მაქვს პატივი“, უნივერსიტეტის სტუდენტებს სამხედრო გადამზადებას სთავაზობს და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რეზერვის ოფიცრებად აჰყავს. კიდევ ერთი, სახელწოდებით „მე ვარ“, ახალი ტიპის გაწვევის პროგრამაა: სტანდარტული 2 წლის ნაცვლად, ახალგაზრდა მამაკაცებს შეუძლიათ იმსახურონ 3 წლის ვადით, რის განმავლობაშიც 7 თვე შვებულების უფლება აქვთ, მაგრამ სამსახურის მოხდა პოტენციურ საბრძოლო ზონებში, აზერბაიჯანის საზღვართან ან ყარაბაღთან, კონტაქტის ხაზთან მოუწევთ. საბოლოოდ, ჯარისკაცი 5 მილიონი დრამის (დაახლ.$10,500) ოდენობის ბონუსს მიიღებს, რომელიც შეუძლია გამოიყენოს სწავლის საფასურის გადასახდელად, სახლის შესაძენად, ან მცირე ბიზნესის წამოსაწყებად.

აღნიშნული პროგრამები მთავრობას გაწევევის პროცესში არსებული კორუფციის პრობლემის მოსაგვარებელ გზად ესახება. ამჟამად მდიდარი ოჯახის შვილები სამხედრო სამსახურს ქრთამის გადახდით არიდებენ თავს. „უპირველეს ყოვლისა, ეს თანხები უნდა განვიხილოთ ადამიანისთვის შანსის მიცემის თავლსაზრისით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სამხედრო სამსახურის თავიდან არიდებასთან დაკავშირებული კორუფციის რისკს“, განუცხადა გამოცემა EurasiaNet.org-ს თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ართსრუნ ოვანისიანმა.

მაგრამ სკეპტიკოსების აზრით, სამიზნე ჯგუფი სომხეთის ღარიბი მოსახლებაა, რომელთათვისაც გაწვევის თავიდან არიდების ერთადერთი გზა ემიგრაციაა. „ეს უბრალოდ პროექტია, რომლის მიზანია, ღარიბი ხალხი აიძულოს, სამხედრო სამსახური მოიხადოს [და არ დატოვოს ქვეყანა]“, ამბობს არტურ საკუნთსი, სამოქალაქო აქტივისტი და „ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის“ (Helsinki Citizens’ Assembly) ხელმძღვანელი. „ოლიგარქების შვილები კვლავ აარიდებენ თავს ჯარში სამსახურს, კორუფცია არ შემცირდება, [და] გენერლები გააგრძელებენ სიმდიდრის დაგროვებას არმიის ხარჯზე“.

ფოტო: სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

ფოტო: სომხეთის თავდაცვის სამინისტრო


ბიოლის ლოგოპროექტი დაფინანსებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მიერ. მასალაში გამოყენებული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ან ნეტგაზეთის პოზიციებს. პროექტი ითვალისწინებს ყოველთვიური დაიჯესტის ფარგლებში ერთი სტატიის თარგმანს ქართულ ენაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი