ახალი ამბები

ომბუდსმენის რეკომენდაცია პარლამენტს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრევენციისთვის

1 აპრილი, 2013 • 1134
ომბუდსმენის რეკომენდაცია პარლამენტს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრევენციისთვის

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია დავით ახალაიას, გერონტი ალანიას, იოსებ თოფურიძისა და ოლეგ მელნიკოვის მიმართ: კერძოდ, 2012 წლის 30 ნოემბერს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის შესაბამისად, 2012 წლის 19 ნოემბერს საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება მთაწმინდა-კრწანისის შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომელთა ცემის ფაქტზე. 

 

განცხადების მიხედვით, 2005 წლის 5 იანვარს დავით ახალაიამ, გერონტი ალანიამ, ოლეგ მელნიკოვმა, იოსებ თოფურიძემ და სხვა პირებმა სასტიკად სცემეს მთაწმინდა-კრწანისის შინაგან საქმეთა სამმართველოს სს სამძებროს უფროსი. ამავე განცხადებაში დეტალურად იყო აღწერილი ხსენებული დანაშაულებრივი ფაქტი და მითითებული იყო, რომ აღნიშნული დანაშაულისათვის უახლოეს პერიოდში ბრალი წარედგინებოდათ დავით ახალაიას, იოსებ თოფურიძეს, გერონტი ალანიასა და ოლეგ მელნიკოვს.

 

აღნიშნულ პირებს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ 2012 წლის 2 დეკემბერს, შესაბამისად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 30 ნოემბერს პროკურატურის მიერ გავრცელებული ზემოთ აღნიშნული განცხადება არღვევს ახალაიას, ალანიას, მელნიკოვისა და თოფურიძის უდანაშაულობის პრეზუმფციას:

 

“მით უმეტეს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ განცხადების გავრცელების მომენტისთვის მათ მიმართ არ იყო დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა და ისინი არ სარგებლობდნენ ბრალდებულის სტატუსით.”

 

ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია საქართველოს პრეზიდენტმა და “ნაციონალური მოძრაობის” ზოგიერთმა წარმომადგენელმა ვაჰაგან ჩახალიანის მიმართ.

 

“საქართველოს პრეზიდენტის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებში იგი მოხსენიებულ იქნა როგორც ჯაშუში, სახელმწიფოებრიობის მტერი, რომელიც ითხოვს სამოქალაქო არეულობას. უდავოა, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოება უდიდესი სიკეთეა, თუმცა ჩახალიანის ან ნებისმიერი სხვა პირის ქმედებებში შესაძლო საფრთხეების არსებობის შემთხვევაში კონკრეტული სამხილი მასალები უნდა მიეწოდოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, რათა მათზე რეაგირება სათანადო ორგანოებმა დროულად მოახდინონ. მსგავსი განცხადებების ტირაჟირება კი შესაძლოა გახდეს, ერთი მხრივ, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის, ხოლო, მეორე მხრივ, მწვავე დაპირისპირების საფუძველი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღნიშნულ განცხადებას ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი აკეთებს”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

 

ომბუდსმენი რეკომენდაციას აძლევს პარლამენტს, იმსჯელოს პირის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის თაობაზე სპეციალური რეგულაციების შემოღებაზე, რომლებიც მოახდენს აღნიშნული პრინციპის დარღვევის პრევენციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი