ახალი ამბები

პრეზიდენტისა და პრემიერის განცხადებები კონსტიტუციის რეფორმაზე აშშ-ის დამოკიდებლობის ზეიმზე

7 ივლისი, 2017 • 2976
პრეზიდენტისა და პრემიერის განცხადებები კონსტიტუციის რეფორმაზე აშშ-ის დამოკიდებლობის ზეიმზე

ამერიკის დამოუკიდებლობის 241 წლისთავი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ოდნავ დაგვიანებით, 6 ივლისს აღნიშნეს. 1776 წლის 4 ივლისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო. 4 ივლისი ოფიციალურად უქმე დღეა და მას ყველა შტატი განსაკუთრებულად აღნიშნავს.

დამოუკიდებლობის დღე ამერიკის მოქალაქეებისათვის გრძელ საზეიმო მსვლელობებთან, ბარბექიუსთან, ოჯახურ შეკრებებთან, კარნავალებთან და სახალხო ბაზრობებთან, პიკნიკებთან, კონცერტებთან, სპორტულ ღონისძიებებთან ასოცირედება. დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაულია და ეს დღე ქვეყნის ისტორიას, მმართველობასა და ტრადიციებს ეძღვნება.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გამართული მიღება ოფიციალური ხასიათის იყო, სადაც ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, თუმცა ეზოში გამართულ ღონისძიებაზე მაინც იოლად შესამჩნევი იყო ამერიკული აღნიშვნის ტრადიცია.

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თბილისში ფოტო: ნეტგაზეთი

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თბილისში ფოტო: ნეტგაზეთი

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თბილისში ფოტო: ნეტგაზეთი

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თბილისში ფოტო: ნეტგაზეთი

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თბილისში ფოტო: ნეტგაზეთი

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თბილისში ფოტო: ნეტგაზეთი

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თბილისში ფოტო: ნეტგაზეთი

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თბილისში ფოტო: ნეტგაზეთი

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თბილისში ფოტო: ნეტგაზეთი

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თბილისში ფოტო: ნეტგაზეთი

მიღება შვიდ საათზე დაიწყო. ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი და მისი ცოლი ფრანჩესკა თითქმის ერთი საათის განმავლობაში სპეციალურად მოწყობილ წითელ ხალიჩაზე მოსულ სტუმრებს ესალმებოდნენ. ელჩისგან ხშირად ისმოდა ”გამარჯობა” და “მადლობა მოსვლისთვის”. მას შემდეგ, რაც სტუმრების რიცხვს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა, საღამოს ოფიციალური ნაწილი დაიწყო – შესრულდა ამერიკის დროშის ჩამოტარების ტრადიცია და აშშ-ისა და საქართველოს ჰიმნები.

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე თბილისში, გიორგი მარგველაშვილი და იან კელი ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე თბილისში, გიორგი მარგველაშვილი და იან კელი ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე თბილისში, იან კელი და მისი ცოლი ფრანჩესკა საგარე საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს ესალმებიან ფოტო: ამერიკის საელჩო თბილისში

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე თბილისში, იან კელი და მისი ცოლი ფრანჩესკა საგარე საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს ესალმებიან ფოტო: ამერიკის საელჩო თბილისში

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე თბილისში, ფოტო: ამერიკის საელჩო თბილისში

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე თბილისში, ფოტო: ამერიკის საელჩო თბილისში

სიტყვით შეკრებილებს იან კელიმ, გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართეს. იან კელიმ, დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობის გარდა, აშშ- საქართველოს 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა. იან კელიმ გაიხსენა, რომ საქართველოში პირველად 1976 წელს ჩამოვიდა, როცა თავად სტუდენტი იყო, საქართველო კი- არადამოუკიდებელი ქვეყანა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. მეორედ იგი საქართველოს 1995 წელს ეწვია ამერიკული პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანიც პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა იყო.

“ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობის 25 წელს აღვნიშნავთ და ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა ვითარდება და იზრდება საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მოყოლებული და გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენი მხარდაჭერა არ შეშუსტებულა და სულ უფრო და უფრო ცვალებად მსოფლიოში საქართველოს შეუძლია ჩვენი ურყევი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. ჩვენ ვიცით, რომ განვლილი 25 წელი არ იყო იოლი გასავლელი და ნამდვილად ვამაყობთ მიღწეული პროგრესით. ყველამ ვიცით, რომ მშვიდობის, კეთილდღეობის და სტაბილურობის გარანტი არის ღია საზოგადოება, პოლიტიკური პლურალიზმი, კანონის უზენაესობა, თავისუფალი ეკონომიკის პრინციპები და თავისუფალი მედია, რომელიც გვაიძულებს ვიყოთ ანგარიშვალდებულნი.

ამერიკელები ამ დღეს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნავენ. ჩემი ოჯახი ნაწილობრივ აქ არის, აქაა ჩემი ცოლი ფრანჩესკა, ჩემი შვილები ანა ლისა და ჰანტერი, მაგრამ თქვენ ყველანი ჩემი მეგობრები ხართ და მე ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობ”,- განაცხადა იან კელიმ

ელჩმა სიტყვა პრეზიდენტ მარგველაშვილს გადასცა, რომელმაც ამერიკის დამფუძნებელი მამების შესახებ ისაუბრა, თუმცა არც საქართველოს პოლიტიკური კონტექსტი გამორჩენია და საკონსტიტუციო რეფორმის ირგვლივ მიმდინარე პროცესებსაც გაუსვა ხაზი:

“ცოტა არის ტექსტი კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც ისე ამაღელვებელია, როგორც აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ამ დეკლარაციის ავტორები ამბობენ, რომ ადამიანი გაჩენილია თავისუფლების უფლებით, ღმერთისგან ბოძებული უფლებით, ესწრაფვოდეს ბედნიერებას, და ამ განცხადებას აფუძნებენ და ხელს აწერენ თავისი სიცოცხლით, ქონებით და ღირსებით. ამერიკელმა ხალხმა 240 წელზე მეტხანს შეძლო ამ იდეალების ერთგულება, ამიტომაა, რომ ჩვენ აქ ვართ და ვზეიმობთ. სწორედ იმიტომ, რომ ამ მაღალი იდეალების მსახურება შეძლო თქვენმა ქვეყანამ და თქვენმა ერმა, ჩვენ ვართ ამაყი, რომ ვართ თქვენი მოკავშირეები. ჩვენ ვართ ამაყი, რომ ჩვენი ქალები და კაცები ფორმით თქვენს ჯარისკაცებთან ერთად იბრძვიან. როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ამ დღეს, ამასთან ერთად აღვნიშნავთ იმ ადამიანების ღვაწლს, რომლებმაც ამ ღირებულებებს 200 წლის მანძილზე უერთგულეს. ეს გასაყარი ყოველდღიურად დგება და როდესაც დღეს საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს დემოკრატიის გაღრმავების მიმართულებით, ჩვენ ყურადღებით ვუბრუნდებით ამ იდეალებს.

ამიტომაც მიმდინარე პოლიტიკური კონტექსტიდან მე მინდა მივესალმო ბატონი პრემიერის წინადადებას აქტიური დიალოგისკენ საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებთან კონსტიტუციის მიღების პროცესში. მე მინდა მოვუწოდო პოლიტიკურ ძალებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს, აქტიურად ჩაერთონ კონსტიტუციის განხილვის პროცესში, რათა კონსტიტუცია შედგეს როგორც თანხმობის, როგორც ერის გამაერთიანებელი დოკუმენტი, როგორც დამფუძნებელმა მამებმა დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან სულ რამდენიმე წელიწადში შექმნეს შეერთებული შტატების კონსტიტუცია.

მე მინდა მოვუწოდო საპარლამენტო უმრავლესობას, არ იძალადოს პოლიტიკურ პროცესზე და აქტიურად იყოს დიალოგში პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. ასეთი აქტიური დიალოგით ჩვენ ვიქნებით იმ ღირებულებების, რომლებიც არსებობს ქართულ კულტურაში, იმ ღირებულებების, რომლებსაც დღეს აღვნიშნავთ” – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე თბილისში, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი და იან კელი. ფოტო: ამერიკის საელჩო თბილისში

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე თბილისში, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი და იან კელი. ფოტო: ამერიკის საელჩო თბილისში

პრემიერი-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

“თქვენი ნებართვით მე არ წავალ დღევანელი პოლიტიკური კონტექსტის განხილვის სიღრმეში, მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საქართველოს დემოკრატიული წინსვლისთვის”,- განაცხადა მან.

კვირიკაშვილმა მისალოც სიტყვაში, იან კელის მსგავსად, ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც თავად იყო პირველად აშშ-ში.

“მინდა გავიხსენო ის ძალიან დიდი ბედნიერება, რომელი წილად მხვდა 1997-98 წლებში, როდესაც მე გავხდი ედმუნდ მასკის სტიპენდიის მფლობელი და მქონდა ბედნიერება მესწავლა აშშ-ის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, ილინოისის უნიერსიტეტში. ასობით საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეს ჰქონდა საშუალება, აშშ-ის საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებში მიეღო მონაწილეობა და არა მხოლოდ ესწავლა აშშ-ში, არამედ ჰქონოდა საშუალება გაეცნო ამერიკა და ეგრძნო ის ფასეულობები, რითაც ამერიკა მოვიდა დღემდე. სწორედ იქ სწავლის დროს ვიგრძენი, რას ნიშნავს ამერიკელი ხალხის სითბო, სიკეთე და რას ნიშნავს ჩვენი ამერიკელი მეგობრებისთვის ეს დღე. სწორედ მაშინ გავაცნობიერე, რას ნიშნავს ეს დღე მსოფლიოს ისტორიისთვის, ვინაიდან 4 ივლისი არის დღე, რომელიც თავისუფლების მოყვარე ქვეყნებისთვის თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის ძლიერი სიმბოლოა”

კვირიკაშვილის თქმით. დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმომწერების- თომას ჯეფერსონის, ჯონ ადამსის, ბენჟამინ ფრანკლინის და სხვების- თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპების მკაფიო ხედვა, რომლებითაც ხელმძღვანელობდნენ ამერიკის დამფუძნებელი მამები, დღესაც ცოცხალია მთელი მსოფლიოსთვის და, რა თქმა უნდა, შთაგონების წყაროა საქართველოსთვისაც.

“დღესაც აქტუალურია კიდევ ერთი პრეზიდენტის, ფრანკლინ რუზველტის სიტყვები. თავისუფლებას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არ გიბოძებენ, ის უნდა მოიპოვო. მინდა გითხრათ, რომ ქართველი ერის მთელი ისტორია არის თავისუფლებისთვის ბრძოლა. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული,  რომ დღეს ეს ბრძოლა დემოკრატიის დამკვიდრებასა და მისი ღირებულებების ერთგულებაზე გადის, სწორედ ეს ასაზრდოებს ჩვენი ხელისუფლების საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას.

მე მჯერა, რომ თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებები, რაც ქმნის ჩვენს ხანგრძლივ ორმხრივ ურთიერთობებს აშშ-თან და მტკიცე საძირკველს, რომელიც ამ ურთიერთობებს გააჩნიათ. ჩვენ აშშ-ს განვიხილავთ, როგორც სტაბილურ გეოპოლიტიკურ მოკავშირეს და ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს, რომელთანაც ჩვენ გვაქვს გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრიორიტეტები. მინდა მივმართო ამერიკელ ხალხს, ჩვენ აუცილებლად დაგიბრუნებთ ამ სიკეთეს, დაგიბრუნებთ დემოკრატიული ღირებულებებისადმი ჩვენი უპირობო ერთგულებით”,- განაცხადა კვირიკაშვილმა

მასალების გადაბეჭდვის წესი