ახალი ამბები

მდინარაძე: კონსტიტუციის პარლამენტიდან გაწვევაზე სერიოზულად მსჯელობა არ შეიძლება

6 ივლისი, 2017 • 2046
მდინარაძე: კონსტიტუციის პარლამენტიდან გაწვევაზე სერიოზულად მსჯელობა არ შეიძლება

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პარლამენტიდან გამოწვევაზე სერიოზულად მსჯელობაც კი არ შეიძლება. 

ეს განცხადება მამუკა მდინარაძემ დღეს, 6 ივლისს, რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა.

“ქართულ ოცნებას” როგორც ოპოზიცია, ასევე პრეზიდენტი მიმართავენ, გამოიწვიოს პარლამენტიდან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც როგორც ორი მოსმენით პარლამენტმა უკვე მიიღო. ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტო გამოუცხადეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს, ვინაიდან მათთვის კატეგორიულად მიუღებელია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” მიერ გაკეთებული ჩანაწერი. მათ არც პირველ და მეორე მოსმენებზე კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა.

არავითარ შემთხვევაში ამაზე სერიოზულად მსჯელობაც არ შეიძლება. ჩვენ უპრეცედენტო მოვლენების განვითარების შემსწრე  გავხდით, როდესაც კომისიის მუშაობის დროს 70-80%-ზე მეტი გავითვალისწინეთ ჩვენი ოპონენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების და ექსპერტების წინადადებები.  შემდეგ იყო სახალხო განხილვები. ახლა უკვე 2 მოსმენით მიღებულია კონსტიტუციის პროექტი, რომელიც შეუდარებლად ჯობია მოქმდ კონსტიტუციას, რომელიც ერთი ადამიანზე იყო მორგებული.  ეს ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს და ამ პროცესის ჩაშლა არის წარმოუდგენელი რამ,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე ასევე ამბობს, რომ ოპოზიცია კონკრეტულ წინადადებებს, თუ რა შემთხვევაში დაუჭერდნენ მხარს კონსტიტუციას, მათ არ სთავაზობს.

“ჩვენ მათგან უნდა მივიღოთ კონკრეტული წინადადებები. პარლამენტის დერეფნებში, ტელევიზიებიდან და ქუჩაში გაგონილი რაღაც მოთხოვნებით  ვერ ვიმსჯელებთ,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი